ქალების ადგილი პოლიტიკაში არ მოიძებნა
რეგიონის ყველა ოლქში მმართველი პარტიის ექვსივე კანდიდატი მამაკაცია. მმართველი გუნდის მსგავსად გენდერული ბალანსი დარღვეულია სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. არცერთი ქალი კანდიდატი არ ფიქსირდება ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის”, ,,თავისუფალი დემოკრატების’”, ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისათვის“, ,,ლეიბორისტულ პარტიასა“ და ,,ბურჯანაძე–დემოკრატების“ საარჩევნო პროპორციულ სიაში. პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე აანონსებდნენ გენდერული ბალანსის დაცვას საარჩევნო სიებში, თუმცა პროპორციული საარჩევნო სია წინააღმდეგობაში მოდის მათ განხადებებთან. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ,,კახეთის ხმასთან” საუბარში აცხადებდა, რომ პარტია საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტას დაიცავდა.
,,მაჟორიტარული სისტემა რაც დღეს გვაქვს, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ფეოდალური სისტემაა. სოციალურად ძალიან აქტიური საზოგადოების ნაწილის, ქალთა ხმა დღეს პოლიტიკაში არ ისმის. როგორც პარტიამ ავიღეთ ვალდებულება და ჩვენს საარჩევნო სიაშიც სწორედ კვოტას დავიცავთ, თუ მეტი არა 30%–ზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება ქალბატონების რიცხვი წარმოდგენილი. გვყვავს ძლიერი ქალბატონები პარტიაში და გვინდა, რომ სხვა პარტიებსაც მივცეთ მაგალითი და ანალოგიური ნაბიჯი გადადგან“, – განაცხადა ალასანიამ.
ამ მხრივ კახეთის რეგიონში, გამონაკლისია საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან–მოურავი – ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი“. მათ ექვსი კანდიდატიდან 3 ქალბატონი წარადგინეს. ,,სიღნაღი–დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნაირა ალავერდაშვილია, გურჯაანის 24–ე საარჩევნო ოლქში ნათია გიორგაძე, ხოლო საგარჯოში კი, მე ვარ. სამივე კანდიდატი ამ ოლქების მოსახლეობის ღირსეული წარმომადგენლები ვიქნებით პარლამენტში. ჩვენ, შევცვლით ბევრ რამეს სიკეთესიკენ”,–განაცხადა საარჩევნო ბლოკის ლიდერმა ირმა ინაშვილმა. ნათია გიორგაძის პარტიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ეს ფაქტორი გაზრდის ქალების როლს თანამედროვე საზოგადოებაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.
,,ქალები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ და, შესაბამისად, წარმატებისკენ სწრაფვა ჩვენი უფლებაა. ჩვენ უნდა გვქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება, რათა თავი რეალიზებულად ვიგრძნოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ოპონენტებს ღირსეულ კონკურენციას გავუწევ. ძალიან მინდა, შევცვალო ის გარემო, სადაც ჩემი შვილები იზრდებიან, რომ მივიღოთ ჯანსაღი საზოგადოება“, – აცხადებს ნათია გიორგაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ და აცხადებენ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით გაწეული კამპანიებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები პარტიების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ. კავშირ ,,საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია ვარაუდობს, რომ პარლამენტში გენდერული დისბალანსი იქნება და კანონმდებელი მდედრობითი სქესის წამომადგენლები ძალიან მცირე რაოდენობით იქნებიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
,,მაჟორიტარ დეპუტატებად იშვიათად წარადგენენ ქალებს მიუხედავად იმისა, რომ ყველას გაუწევენ კონკურენციას. პარლამენტში არ გვეყოლება ქალი მაჟორიტარი დეპუტატი, სანამ პარტიები არ დაასახელებენ მათ კანდიდატურებს. იყო გარკვეული იმედი და მოლოდინი იმისა, რომ მოხვდებოდა მეტი ქალი პარლამენტში, მაგრამ ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იქნება. მეტი დრო უნდა დაეთმოს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას“, – აღნიშნავს ბაია პატარაია.
მამაკაცი ამომრჩევლების ნაწილს მიაჩნია, რომ „ქალი” და „პოლიტიკა” შეუთავსებელი ცნებებია, თუმცა დროსთან ერთად პრიორიტეტები იცვლება და ქალების როლი თანამედროვე საზოგადოებაში გაზრდილია. ,,ქართულ საზოგადოებაში ქალის როლი ძირითადად ოჯახით და სახლით შემოიფარგლება და დიასახლისობა პრიორიტეტია. ქალი საოჯახო საქმესა და შვილების კარგად აღზრდას უნდა ემსახურებოდეს”, – აცხადებს 30 წლის მინდია კიკილაშვილი. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ დამკვიდრებული სტერეოტიპის მიხედვით, ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიღმა რჩებიან, საზოგადოება დღემდე ეჭვქვეშ აყენებს ქალბატონების როლს საზოგადოების განვითარებაში და მათ ადგილს სოციუმში.
,,სიტუაცია ნელ–ნელა იცვლება. ქალი პოლიტიკაშიც უნდა იყოს, მეტი სიმშვიდე და შემწყნარებლობა იქნება. ის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ქალსა და მამაკაცს ერთნაირი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ და ვერ ვიტყვით, რომ ერთს მეტი შეუძლია და მეორეს – არა”, –განმარტავს ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელი, ექსპერტი ქალთა საკითხებში ჯილდა ნიბლაძე.
ექსპერტები სკოლებში გენდერული თანასწორობის სწავლების დაწყების აუცილებლობაზე მიუთითებენ და ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით მოსწავლეების ინფორმირება სტერეოტიპული მიდგომებს თანდათან აღმოიფხვრის. სპეციალისტები კანონის გამკაცრებაზეც საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) მხარდაჭერით, პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ კიდევ მარტის თვეში მიიღეს მრავალპარტიული რეზოლუცია – პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. მრავალპარტიული რეზოლუცია უკავშირდებოდა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ზრდის საკითხებს, რომელსაც 11 პოლიტიკური პარტია აწერდა ხელს:
,,პოლიტიკური პარტიები მრავალპარტიულ ფორმატში მუშაობდნენ, როდესაც მიიღეს მრავალპარტიული რეზოლუცია. აღნიშნული რეზოლუციის შედეგი იქნება ის, რომ რეალურად უნდა იყოს მეტი ქალი პარტიებში, პარლამენტში და ზოგადად, პოლიტიკაში. მრავალპარტიულ ჯგუფში შედის 11 პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გადაწყვიტეს მიეღოთ რეზოლუცია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. ვნახოთ რა შედეგი დადგება არჩევნებზე და როგორ იმუშავებს ეს რეზოლუცია სხვა დოკუმენტების მსგავსად, რომელზეც აქტიურად მუშაობენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვა ორგანიზაციები,“ – განაცხადა NIMD–ს წარმომადგენელმა სალომე მუხურიძემ.
ექსპერტების აზრით, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ უწყობს ხელს ქალების პოლიტიკაში ჩართულობას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით არსებული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.