დავით სონღულაშვილმა გურჯაანში მცირე ბიზნესის განვითარების გეგმა წარადგინა
კანდიდატის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფოს მიერ მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„სახელმწიფო სერვისები უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაიონში ხალხს არ აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა. ეს პროექტები საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს შექმნას დოვლათი და სამუშაო ადგილები. გურჯაანში უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი და ჩვენც ყველა პირობა უნდა შევქმნათ საამისოდ,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, რაიონში უნდა ამოქმედდეს მცირე ბიზნესის ხელშემყობი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის ინფორმირებას და მათ კონკრეტულ დახმარებას გაუწევს განავითარონ წარმოება.
გურჯაანელები თვლიან, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის განვითარება, რომ მუნიციპალიტეტში გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რაც გაჭირვების აღმოფხვრის საწინდარია.
„რაიონში უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი. იაფი კრედიტი კი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,“ – განაცხადა ადილობრივმა მკვიდრმა ალექსანდრე ქოროღლიშვილმა.