გურჯაანში ინოვაციების ცენტრის გახსნა იგეგმება
მათი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებს შეუწყონ ხელი ბიზნესის დაწყებაში. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანელი ახალგაზრდები ტექნოპარკში სიახლეებს გაეცნენ.
„ძალიან ნაყოფიერი დღე იყო როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩემთვის. ტექნოპარკი არის შესაძლებლობა იმისა, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი იდეები განახორციელონ და ბიზნესად აქციონ. ასეთი ბაზები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს და მე მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი ცენტრი გურჯაანში გაიხსნება. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ გურჯაანელ ახალგაზრდებს შევუქმნა ხელსაყრელი პირობები საქმის საკეთებლად,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსის გიორგი კინწურაშვილის თქმით, მოსწავლეებს აუხსნეს თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტარტაპების დაფინანსების პროექტში, როგორ დაწერონ პროექტი, როგორ შეკრიბონ საჭირო გუნდი და როგორ იმუშავონ სწორი მიმართულებით.
,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს ბიზნესის დაწყებაში. საამისოდ ტექნოპარკს გააჩნია მაღალი დონის ტექნოლოგიური ბაზა, რაც ბიზნესის დაწყებას ფაბლაბთან ერთად წარმატებულს გახდის”,-განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა.