გურჯაანში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები დაიწყო
დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტიC ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება, რომლის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.„კახეთი-იონში“C ჰეპატიტის გამოკვლევის პირველი პაციენტი გურჯაანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქციების ჩატარება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის. როგორც იცით, გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ ძვირი ჯდება და უმეტესობას არ აქვს ამის საშუალება. გურჯაანში უახლოეს პერიოდში მოხდება C ჰეპატიტის ელიმინაცია. მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და გალიარდს ამ პროექტისთვის, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდზე მეტია და რომელსაც ჩვენ ვიღებთ საჩუქრად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, რომლის დამსახურებაცაა ამ პროექტის განხორციელება“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მალე გურჯაანში, კლინიკა „კახეთი-იონში“ გაიხსნება C ჰეპატიტის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ცენტრი. სადაც, მოქალაქეებს შეეძლებათ ანალიზების აღება და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში უფასო მკურნალობის მიღება. მომავალში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილია წამლების დაფინანსების კომპონენტიცს დამატებაც. აგრეთვე 300 სახის მედიკამენტზე დაწესდება ზღვრული ფასები, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ფარავს.
უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეწვევა. ის სამედიცინო დაწესებულებებს მოინახულებს და საზოგადოებასთანაც გამართავს შეხვედრებს.