სტატიები

ლევან კოჭლოშვილი გიორგი ბოტკოველს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ლევან კოჭლოშვილი 2009-2015 წლებში თელავის ცენტრში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის სამჯერ გაყიდვაზე საუბრობს და ამ პროცესში ბოტკოველის კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ნიშნებს ხედავს. კოჭლოშვილის მტკიცებით, 2009 წლის მაისში ნაკვეთი გაიყიდა მეორედ და შეიძინა ორმა პიროვნებამ, რომელთაგან ერთ-ერთი ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის დეიდაა. კოჭლოშვილი ირწმუნება, რომ გიორგი ბოტკოველის ახლო ნათესავმა 100 00 დოლარად კომპანია „ავერსზე“აღნიშნული მიწის ფართობი გაასხვისა და ამ თანხით დაფინანსდა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანია. 
„2009 წლის 2 მარტს 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიყიდა. რამდენიმე კვირაში ეს მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს ორ მფლობელს. ერთ-ერთი არის თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის უახლოესი ნათესავი. 2015 წელს ეს მიწის ნაკვეთი მესამედ გაიყიდა. ეს მიწა 100 000 დოლარად იყიდა კომპანია „ავერსმა“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო მონოპოლისტი ფირმა. ეს თანხა ხმარდება გიორგი ბოტკოველის წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლეზეც, ჩემი აზრით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაიწყონ მოკვლევა. მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლო ყველა შესაბამის უწყებასთან“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან კოჭლოშვილმა. 
კოჭლოშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. გიორგი ბოტკოველი ლევან კოჭლოშვილის განცხადებას მმართველი პარტიის მორიგ ბროვოკაციად აფასებს და ხსენებული მიწის ნაკვეთის გაყიდვის პროცესთან რაიმე სახის კავშირს გამორიცხავს. 
„ჩემთვის კოჭლოშვილი არ ნიშნავს არაფერს და მისი ბრალდება სისულელეა. თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მყავს ძალიან ბევრი დეიდა და მამიდა. ხელისუფლება საჯარო რეესტრში ჩემი ნათესავების ქონებას ეძებს და ყველაფერს მე მაწერს. ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედება. სახელისუფლებო ორივე კანდიდატმა სესიაშვილმა და კოჭლოშვილმა ძალიან კარგად იციან, რომ მათ წაგებული აქვთ ეს არჩევნები. ორი დღის წინ სესიაშვილი გვაბრალებდა, რომ თითქოს თელავის ოფისი დესტაბილიზაციას გეგმავს და რთველს უშლის ხელს. დღეს სულელური ბრალდება გააჟღერეს ჩემს მისამართით. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ჩვენს საზოგადოებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. დადგმული სცენარები ხალხის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის“, – აღნიშნა ბოტკოველმა. 
მესამე სექტორში საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ლევან კოჭლოშვილი მათ მიაწვდის საქმეში არსებულ კონკრეტულ დოკუმენტებს, საკითხის შესაწავლას მაშინ დაიწყებენ.