სტატიები

საზოგადოების ნაწილი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს

იმის გასარკვევად რა მოლოდინები აქვთ ამომრჩევლებს, იცნობენ თუ არა პარტიების მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს და აქვთ თუ არა ინფორმაცია მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ, გამოკითხვა ჩავატარეთ.

გამოკითხულთა უმეტესობა დეპუტატობის კანდიდატებს და საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს. ამომრჩევლების ნაწილის თქმით კი, დაპირებების არ სჯერათ.

ნინა გოგოლაძე–თელავის მკვიდრი:

,,გადავწყვიტე, არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო. იმ ზოგადი ინფორმაციით, რაც გამაჩნია ჩვენი კანდიდატების შესახებ, ვფიქრობ არცერთი არ არის ღირსეული. ამომრჩევლის გულწრფელ არჩევანს დასახურება სჭირდება. წინასაარჩევნო დაპირებები, პროგრამები უბრალოდ სიცილად არ მყოფნის, აბსურდულია. ჩემს მეხსიერებას რამდენიმე წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქვს შემორჩენილი, ბევრი დაპირება და მოლოდინი ახსოვს, თუმცა უშედეგოთ. ამიტომ მაქვს ასეთი წარმოდგენა, რომ ბოლო სამ თვეში მოინდომებენ აგვიგონ ოცნების კოშკები, გახდნენ სამშობლოსათვის თავდადებული გმირები, მაგრამ ამ ყველაფერს სულისკვეთება და ღირსება სჭირდება.“

ეთო ღრუბელაშვილი–საგარეჯოს მკვიდრი:

,,არჩევნებთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია მაქვს. მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს ვიცნობ – ზურაბ ჭიაბერაშვილს, ირმა ინაშვილს, რომა მუჩიაშვილს. მათი პროგრამების შესახებ არაფერი ვიცი, უმეტესად წყალს, დასაქმებას და მსგავსი საკითხების მოგვარებას პირდებიან ხალხს.’’

ლერი ხარაზიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი:

,,არ ვიცნობ პარტიების საარჩევნო პროგრამებს. რამდენიმე კანდიდატზე მაქვს ინფორმაცია ისიც ტელევიზორიდან. წინასაარჩევნოდ მოდიან ჩვენს სოფელში და მართავენ შეხვედრებს, მაგრამ არ მივდივარ რადგან აღარ მჯერა.’’

აჯი ასანოვი– თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მკვიდრი:

,,არ ვიცი რა არჩევნები მოდის, არც დეპუტატებს ვიცნობ და არც მათ პროგრამებს. ვინც ავირჩიეთ სოფლის წარმომადგენელი თუ გამგებელი, არავინ მოგვხედა და ახლა დეპუტატი დაგვეხმარება? არ ვაპირებ არჩევნებზე წასვლას.“

ალმით იაგუბოვი–სოფელ ყარაჯალას მკვიდრი:

,,დეპუტატობის კანდიდატებს არ ვიცნობ. ისინი ჩვენთან შესახვედრად არ მოდიან რადგან არ ვაინტერესებთ. მხოლოდ საარჩევნოდ სჭირდებათ ჩვენი ხმები.’’

როვლან ქელენდაროვი–საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამას მკვიდრი:

,,ვიცი რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და დეპუტატის არჩევა მოგვიწევს. კანდიდატებს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არიან. არც მათი საარჩევნო პროგრამები მინახავს.’’

მაია მამნიაშვილი– თელავის მკვიდრი:

,,დეპუტატობის კანდიდატებს ვიცნობ ტელევიზორიდან. გასულ კვირას ერთ–ერთი პარტიის კანდიდატი იყო მოსული უბანში, ათას რამეს დაგვპირდა ხმების სანაცვლოდ. წლებია ყველა ასე იქცევა, მოდიან გვპირდებიან და გამარჯვების მერე ვავიწყდებით.’’

გიორგი ჩეკურიშვილი–თელავის მკვიდრი:

,,ამ რეალობაში ალბათ შეუძლებელიცაა, რომ ადამიანი არათუ შენი ქალაქის, არამედ ზოგადად კახეთის დეპუტატობის კანდიდატებს იცნობდე. ჩემი აზრით, ეს სიტუაცია უმთავრესად მცირებიუჯეტიანი პარტიების პასიურობითაა განოწვეული. ბევრი პარტია ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს ინტერნეტ-სივრცის მნიშვნელობას და მათგან უმთავრესის Facebook-ის და სხვა სოციალური ქსელების, რომელიც 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა ინფორმაციის გაცვლისათვის. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხშირად საზოგადოების მხოლოდ ვიწრო სპექტრი იცნობს, დიდი ნაწილისათვის კი საარჩევნო ბიულეტენში არსებული სახელების უმრავლესობა უცნობი ადამიანია, რომელიც მაქსიმუმ სარეკლამო ბანერზე ჰყავთ დანახული.’’

ლიზა მშვენიერაძე– თელავის მკვიდრი:

,,მაინტერესებს საარჩევნო საკითხები, მაგრამ მწირი ინფორმაცია მაქვს. პარტიების წარმომადგენლები არ აქტიურობენ, რომ მივიდნენ თვითოეულ ამომრჩეველთან, გაესაუბრონ და საარჩევნო პროგრამა გააცნონ. ამიტომ გაუცნობიერებლად ვირჩევთ ვიღაცას, რომელიც გამარჯვების შემდეგ არაფერს აკეთებს.’’

კახა აივაზაშვილი–თელავის მკვიდრი:

,,არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად, არც მაინტერესებს ვინ არიან კანდიდატები. ყველას ერთნაირი დაპირებები აქვს, მაგრამ არავინ ასრულებს.’’