სტატიები

ირაკლი სესიაშვილი–თელავსა და ყვარელს განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეს

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი ძირითადი მესიჯებია ქალაქისა და სოფლების სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა და თავისუფლება.
,,ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ქვეყანა სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს. თელავს ვხედავ როგორც ღვინის დედაქალაქს, ასევე, მინდა რომ თელავს ჰქონდეს ფუნიკულიორი რადგან ,, ცივის მთა” არის ჩვენი ქალაქის სიმბოლო. ეს, დამატებით ინვესტიციებს მოიტანს: აშენდება სასტუმროები, განვითარდება ტურიზმი, შექიმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ინფრასტრუქტურა რაც დადებითად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე,’’– განუცხადა Knews.ge-s ირაკლი სესიაშვილმა.
მიისვე განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებასთან ერთად იგი აქტიურად იმუშავებს თელავისა და ყვარლის სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.
,,მიმაჩნია, რომ მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის, დეპუტატსა და საზოგადოებას შორის. ამიტომ არასამთავრობო სექტორი არის ძალა არსებული პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანისა და მოგვარებისთვის. წლების მანძილზე არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი და მიმაჩნია, რომ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, შესაძლოა არასამთავრობო სექტორი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო დასაყრდენი იყოს, იმისთვის რომ ყველამ ერთად მოვითხოვოთ და მონიტორინგი განვახორციელოთ ყველა იმ პროექტზე, რაც რეგიონში კეთდება. ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის ურთიერთსასარგებლო. 
თელავს, ისევე როგორც ყვარელს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც არ უნდა შეიქმნას და დაიწეროს სადმე კაბინეტში. მასზე აუცილებელია საზოგადოებასთან ერთად მუშაობა. ყველა,ს ვისაც საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეა გააჩნია, ვთავაზობ მრგვალ მაგიდასთან შეხვედრას და განხილვას როგორი შეიძლება წარმოვიდგინოთ თელავი და ყვარელი ათი წლის შემდგეგ. გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებით ჩემი თანამონაწილეობა იქნება ძალიან აქტიური,”– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი სესიაშვილმა.
აღნიშნულ საკითხებზე, პარტიის ხედვებსა და გეგმებზე დეპუტატობის კანდიდატმა თელავის დემოკრატიის სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. 
NIMD–ის თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლს აგრძელებს. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილია შეხვედრები ყველა პოლიტიკური პარტიის/ ბლოკის წარმომადგენელთან, ასევე დამოუკიდებელ კანდიდატებთან. 
,,პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნაკლებია თემატური დისკუსიის, არგუმენტირებული დებატების, პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და იდეათა ურთიერთგაცვლის ფორმატები და შესაძლებლობები. ამსგავსი შეხვედრების ციკლის ერთ-ერთი ამოცანაც სწორედ მსგავსი თანამშრომლობის ფორმატის შექმნასა და წარმართვის ხელშეწყობაში მდგომარეობს, სადაც პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები ჩაერთვებიან პოლიტიკის შესახებ დისკუსიაში,”– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.