სტატიები

კაცები სცენაზე – ქალები კულისებში

ყველა ოლქში მმართველი პარტიის ექვსივე კანდიდატი მამაკაცია.
მმართველი გუნდის მსგავსად გენდერული დისბალანსი შეიმჩნევა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. არც ერთ ქალი კანდიდატი არ ფიქსირდება ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა” და ,,თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო სიაში. ამ მხრივ გამონაკლისია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ ნაირა ალავერდაშვილი დაასახელა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არსებულ სიტუაციას აფასებენ და აცხადებენ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით გაწეული კამპანიის და რეკომენდაციის მიუხედავად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები პარტიების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ. მესამე სექტორი მიუთითებს, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პოლიტიკურ სპექტრს უნდა დაიცვა 50 %-იანი ბალანსი – სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

როგორც კავშირი ,,საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ Knews.ge-ს განუცხადა, მაჟორიტარული სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა შეიცვალოს.

,,ძირითადად, რეგიონებიდან ერთიდაიგივე ადამინები არიან მაჟორიტები, ზოგი მათგანი ოთხგზის მოწვევის პარლამენტარია. ეს სისტემა არც დემოკრატიულია და არც წარმომადგენლობითი. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მაჟორიტარებად ძალიან იშვიათად წარადგენენ ქალებს. ,,ქართულ ოცნებას“ ჰყავს ცნობადი, შემდგარი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც ჯერ არ ჩაურთავთ პოლიტიკურ მარათონში. ისინი თავისუფლად გაუწევენ ყველას კონკურენციას, ქალებს ამ რიგებში ვერ ვხედავთ“,– ამბობს პატარაია. 
კავშირი „საფარის“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ პარლამენტში გენდერული დისბალანსი იქნება და კანონმდებელი ქალები ძალიან მცირე რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილები. 
,,ჩვენ არ გვეყოლება ქალი მაჟორიტარი დეპუტატი, სანამ პარტიები არ დაასახელებენ მათ კანდიდატურებს. მიუხედავად იმისა, იყო გარკვეული იმედი და მოლოდინი, რომ მოხვდებოდა მეტი ქალი პარლამენტში, მივიღებთ იმას, რომ ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იქნება. მეტი დრო უნდა დაეთმოს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მაჟრიტარული სისტემა ქალებისთვის არის ჩაკეტილი წრე და არადემოკრატიული. ქალ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – აღნიშნავს პატარაია.
სათემო კავშირის ,,ნუკრიანი“ თავმჯდომარე მაია ბიძინაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა უზრუნველყოფს მდედრობითი სქესის წარმომადგენლების შესამჩნევ გავლენას საკანონმდებლო პროცესზე. ბიძინაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკის ფორმირების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობა, განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების სინთეზი საბოლოოდ სწორედ შინაარსზე ახდენს გავლენას.
,,იმედი მქონდა, რომ დაასახელებდნენ ქალ კანდიდატებს. დიდი ხნის მანძილზე რამდენი კამპანია და აქცია ჩატარდა რომ ყოფილიყო მეტი ქალი პოლიტიკაში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამან ვერ იქონია სათანადო გავლენა. სამომავალოდ, უნდა გადაიდგას მეტი ქმედითი ნაბიჯი რათა ქალები მოხვდნენ პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებში და ღირსეულადაც. ქალებს არ მოიაზრებენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად“, – აცხადებს ბიძინაშვილი.
OXFAM-ის გენდერის პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, თამარ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებობს საკმაოდ სოლიდური საკანონმდებლო და პოლიტიკის ბაზა. ვაშაკიძის აზრით, აღნიშნული ნორმატიული ბაზის ეფექტურად განხორციელების მიზნით აუცილებელია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არსებობდეს ეფექტური და ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები.
,,ჩვენი მიზანი ის არის, რომ ადგილობრივ დონეზე მოვახდინოთ ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება, დაწყებული შესაბამისი საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებით და დამთავრებული იმ ადამიანეიბის უნარ-ჩვევების გაძლიერებით, რომლებიც მუშაობენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, როგორც გამგეობის, ისე საკრებულოების დონეზე’’, – აცხადებს თამარ ვაშაკიძე.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.