ძმები შენგელაიები ,,ქართულ ოცნებას’’ გურჯაანის დეპუტატის კანდიდატის შეცვლას სთხოვენ
შენგელაიების განცხადებით, მათ მიერ შერჩეული პირები ინტელექტუალები და გამოცდილები არიან. რეჟისორები ასევე ,,ქართული ოცნების’’ მიერ გურჯაანის საარჩევნო ოლქში დასახელებული კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა ის გამოცდილი კადრით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, სოფელ ახაშნის მკვიდრი ელგუჯა გიორგაძით უნდა ჩაანაცვლოს. შენგელაიების აზრით, იმის გამო, რომ მათი დედა ნატო ვაჩნაძე-ანდრონიკაშვილი გურჯაანელი იყო და მისი მამულიც იქ მდებარეობს, გურჯაანი საანდრონიკოდ ითვლება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტორიდან გამომდინარეც ისინი, როგორც კინომსახიობის მემკვიდრეებს, გურჯაანში მიმდინარე პროცესებზე უნდა ახდენდნენ გავლენას.
,,მე კახეთში დასახელებულ სხვა დეპუტატობის კანდიდატებთან არ მაქვს შეხება, რადგან მათ არ ვიცნობ. ჩვენ მხოლოდ გურჯაანზე ვსაუბრობთ. ჩვენც გვეკითხება რაღაც ამ მუნიციპალიტეტში. ელგუჯა გიორგაძე გვინდოდა დაესახელებინა კანდიდატად კვირიკაშვილს, რადგან ასაკითაც დიდია და წლების განმავლობაში ცარიელი ხელებით მუშაობდა და აკეთებდა საქმეებს. მე მინდა დავეხმარო ბიძინა ივანიშვილს და დიდ პატივს ვცემ მას, მაგრამ არ მომწონს კვირიკაშვილს და კალაძეს რომ გადააბარა სიები. დასახელებულ კანდიდატებს აქვთ გამოცდილება, ზოგს უცხოეთში, მაგრამ არ ყავთ დიდი ასაკის ხალხი, რომლებსაც რამე ეკითხებათ. სულ ახალგაზრდები დაასახელეს. ჩვენ კვირიკაშვილს შევთავაზეთ კანდიდატები, მაგრამ არ მოგვისმინა. ელგუჯა გიორგაძე დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ის რომ დაესახელებინათ დავით სონღულაშვილის ნაცვლად, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ მოუგებდა, ეს პატარა ბიჭი კი ვერ მოუგებს. ახლა მოდაშია, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტ დამთავრებულებს ასახელებენ. ჩემმა შვილმაც საზღვარგარეთ ისწავლა, მაგრამ საქართველოსი არაფერი იცის, ასე არიან სხვებიც. აქ გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელმაც კარგად იცის საქართველო’’, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში.
შენგელაიებმა ასევე წერილით გიორგი კვირიკაშვილსაც მიმართეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“თელავში 5 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის გურჯაანის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს. დავით სონღულაშვილის მამამ თავისი გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნაწილი და ბევრი მიწები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. ალბათ ფულიც ბევრი იშოვა. თვითონ დავით სონღულაშვილმა მიიღო განათლება საზღვარგარეთ. კვირიკაშვილი ამისთანა შემთხვევებს განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას. იბადება შეკითხვა – რა ფულით ისწავლა სონღულაშვილმა საზღვარგარეთ, ალბათ მამამისის მითვისებული ხალხის ფულით. ჩვენის აზრით, პარლამენტში უნდა იყვნენ არა მარტო საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ჭაღარა ხალხიც (შეხედონ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებს). ჩვენ წარვუდგინეთ ბ/ნ კვირიკაშვილს ასეთი ხალხის სია და გიორგიმ გადასცა ეს სია გორში კვირიკაშვილს. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, პაატა ქურდაძე, პეტრე მამრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი. შეისწავლონ ეს სია და დაიბარონ ისინი გასაუბრებაზე. გორში ჩვენი ლობირებული კანდიდატების სიის გადაცემისას კვირიკაშვილმა უთხრა გიორგის: “დაისვენეთ, ბატონო გიორგი, დაისვენეთო” (ანუ თავი დაგვანებეთო). გიორგის უნდოდა მისთვის თქმა, რომ ისვენებენ მხოლოდ საფლავში, მაგრამ გარშემო მყოფი გორელების მოერიდა. ჩვენ შევთავაზეთ კვირიკაშვილს, კალაძეს და გიორგაძეს აგრეთვე გურჯაანის რაიონიდან პარლამენტის მაჟორიტარულ კანდიდატად ელგუჯა გიორგაძე, რომელიც იყო 45 წლის განმავლობაში გურჯაანის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი და ახაშნის მეურნეობის დირექტორი. გიორგი შენგელაია კახი კალაძეს ესაუბრა ტელეფონით და სთხოვა, რომ გაესაუბრათ ამ კაცთან, მაგრამ მას არ დაუძახეს და არ გაესაუბრნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ გურჯაანი იგივე საანდრონიკოა, ანუ დედაჩემის ნატო ვაჩნაძე-ანდრონიკაშვილის მამული. ჩვენ, როგორც დედას მემკვიდრეებს, რაღაცა გვეკითხება გურჯაანში. ჩვენ ავაშენეთ ფაქტობრივად მანდ დედას მუზეუმი და ხევისუბანში, სადაც ეს მუზეუმი დგას, ალაზნიდან მოვიყვანეთ სასმელი წყალი’’, – ნათქვამია კინორეჟისორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.