ახალი ამბები

არჩევნების დღისით პოლიციის უფლებები იზრდება

ამჟამად კანონი პოლიციას საარჩევნო უბანზე ან უბანთან ყოფნის ნებას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ მას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოიძახებს არჩევნების ჩაშლის საფრთხისას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხოების მიზნით.
კანონპროექტის მიხედვით, პოლიციის გამოძახების საფუძველი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე საარჩევნო უბანზე ან უბანთან. წესრიგის დამყარების შემდეგ პოლიციელებმა უბანი უნდა დატოვონ.
თუ საქმე მიმდებარე ტერიტორიას შეეხება, მაშინ აუცილებლობის შემთხვევაში, პოლიციელს ადგილზე მისვლა და იქ ყოფნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე შეუძლია.
ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, პოლიციას საარჩევნო უბანზე ყოფნის შესაძლებლობა კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ექნება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას საფრთხე ექმნება. 
,,პოლიციის უბანზე ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს. საერთაშორისო და აპრობირებული მეთოდია პოლიციის კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა. არჩევნები და უსაფრთხოება მნიშვენელოვანი თემაა და ვფიქრობ, რომ არ უნდა იქნას აღქმული ეს პრობლემად. საზოგადოების მხრიდან უნდა შეფასდეს როგორც ძალადობის პრევენციისკენ და სიმშვიდისკენ მიმართულ ნაბიჯად. აუცილებელია, რომ საარჩევნო გარემო იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ამომრჩეველი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად. პოლიცია სიმშვიდის გარანტი უნდა იყოს და ძალიან ბევრია დამოკიდებული თავად პოლიციის ქმედებაზე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღისით“, – განუცხადა knews.ge–ს თამარ ჟვანიამ.