სტატიები

პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არა – კახეთში ატამი ლპება

ფერმერები მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე საუბრობენ. ადგილობრივები ატმის რეალიზაციაში ცენტრალური ხელისუფლებისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ. გურამ ზარდიაშვილი, რომელიც ხილს სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზარზე ყიდის, სეზონის ჩავარდნაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მოვაჭრეები მათგან მხოლოდ ნარჩევ პროდუქციას ყიდულობენ.

,,ერთი წინწკალიც რომ ქონდეს, არ ყიდულობენ, სად წავიღოთ ამდენი მოსავალი? არც ბაზრებია, რომ დაბალ ფასში მაინც გავყიდოთ. გლეხი მიწას დაუბრუნდაო, რომ ამბობენ, სურვილი გვაქვს კი რომ ვიმუშაოთ? არაფერს არ აქვს ფასი, არც მარწყვის მოყვანას, არც ატამს და არც ბოსტნეულს, სად გავყიდოთ, რა გავაკეთოთ? სადაც ატმის უხვი მოსავალია, ამ სოფლებისთვის ერთი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება რა გახდა? გასულ წლებში უფრო მეტი გასაღება გვქონდა, ზოგს საკამპოტედ მიჰქონდა, ზოგს სამურაბედ, წელს ეს გაყიდვებიც შემცირდა, ხალხს პურის ფული უჭირს. ჩემი მანქანა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა ქალაქში წავიღო ატამი გასაყიდად“, – განუცხადა Knews.ge-ს გურამ ზარდიაშვილმა.

მევენახეები საქართველოს სხვა ქალაქებში პროდუქციის გატანას ვერ ახერხებენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ხილის გაყიდვას დიდი დრო დასჭირდება, მოსავლის ნაწილი ხეზე დალპება. მაშინ როდესაც გელეხები ჩუმლაყში ატამს 20 თეთრადაც ვერ ყიდიან, თბილისში პოდუქციის საბაზრო ფასი 2 ლარს შეადგენს.

,,იძახიან, რომ ვერ ყიდიან ატამს, ჩამოიტანონ სხვა ქალაქებში და განახორციელონ ხილის რეალიზაცია. მანდ რომ ისხდნენ ვინ მივა იმდენი მყიდველი. დაგეგმვა სჭირდება ყველა საქმეს, მითუმეტეს როცა სოფლის მეურნეობის კულტურები მოგყავს“, – ამბობს თბილისში მცხოვრები ნინო მოსულიშვილი.

ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასულ წლებში ატმის გარკვეული რაოდენობა აზრბაიჯანში იყიდებოდა. მოგვიანებით, საზღვარზე ხილისა და ბოსტნეულის განბაჟების ღირებულება აზერბაიჯანის მხარემ გაზარდა და ატმის ექსპორტი შეწყდა.

,,გასულ წლებში აზერბაიჯანელი მოვაჭრეები ჩვენგან ატმის ფასის შემცირებას ითხოვდნენ, მაგრამ მეტი როგორ უნდა შემცირებულიყო? ეხლაც პრობლემაა და გასულ წელსაც ასე იყო, ატამი ხალხს ხეებზე დაულპა, თუ ასე გაგრძელდა და 5 ან 10 თეთრზე ჩამოვიდა ხილის ფასი, აღარც მე დავკრეფ, რისთვის ვიწვალო? ჩემი და ჩემი ოჯახის შრომაზე რომ არაფერი ვთქვა, მუშების ფული და დახარჯული თანხებიც ვერ ამოგვიღია, ბანკის ვალების გასტუმრებაზე აღარაფერს ვამბობ. ყველაფრის მოყვანა ძვირი ჯდება, გამოიტან და ჩალის ფასია. სხვადასხვა ჯიშის ატამი რომ შემოვა ეხლა, უფრო გაჭირდება მისი რეალიზაცია. ან რუსეთის ბაზარი გახსნან ან სხვა ბაზრებზე მოგვცენ გატანის საშუალება, ან ქარხანა გააკეთონ, რომ გლეხმა კაცმა ამოისუნთქოს და სოფლის მეურნეობის დარგი არ მოკვდეს,“– აცხადებს ჯემალ ღარიბაშვილი.

აზერბაიჯანელ იმრან მამედოვს ატამი აზერბაიჯანის ბაზარზე გაჰქონდა. იგი აცხადებს, რომ საქართველოში ატმის საყიდლად ჩამოსვლას მისი ღირებულებიდან გამომდინარე აზრი აღარ აქვს.

,,მე თუ გადავიხადე კილოგრამ ატამში 20 ან 30 თეთრი, განბაჟებაშიც ხომ ვიხდი ფულს, ძვირია და ამიტომ ამ ბიზნესის გაგრძელებას აზრი არ აქვს ჩემთვის. განა რომ ჩავიტან რა ფასში უნდ ჩავაბარო, რომ მიღირდეს“, – ამბობს მამედოვი.

სოფლის მეურნეობის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა, შეიქმნას სამაცივრე მეურნეობა, რომელიც დიდი რაოდენობის მოსავლის ჩაბარებაზე იქნება ორიენტირებული. მუშაობა ამ მიმართულები უკვე დაწყებულია.

,,დღეს გვაქვს რეალობა – მწირი გადამამუშავებელი საწარმოები და შესანახი საწყობები, შესაბამისად, ფერმერმა სწორი მარკეტინგული გათვლები უნდა გააკეთოს, რა კულტურიდან რა სარგებელი ექნება, რა რისკებია და ისე შეუდგეს ბიზნესს. ცხადია გლეხები და მცირე ფერმერები მარკეტინგზე და ბაზრებზე თავად ვერ იფიქრებენ, ამიტომ გვჭირდება რეალურად მოქნილი და მდგრადი კოოპერატივები. ხელისუფლება კი თავის მხრივ უნდა გათავისუფლდეს სოციალური ხასიათის პროექტებისგან და საკუთარი ფუნქცია საგანმანათლებლო და საკანონმდებლო მხარდაჭერაში დაინახოს. წელს სეტყვა იყო და პროდუქცია გაფუჭდა. აღარ გადის აზერბაიჯანშიც და ალტერნატიულ ბაზრებზეც არ ხდება მუშაობა სათანადოდ. პროდუქტი გვაქვს, ბაზარი არ გვაქვს. ამ სიტუაციას დღეს არ მივიღებდით, თუკი პირველ რიგში, არ ექნებოდათ გლეხებს და ფერმერებს გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით ტყუილი მოლოდინები და იქნებოდნენ დროულად ინფორმირებულები“, – განუცხადა agrokavkaz.ge-ს ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან.