სირიაში კიდევ ერთი პანკისელი მამაკაცი გარდაიცვალა
როგორც knews.ge-ს პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დაღუპული სოფელ დუისის მკვიდრი, 39 წლის ომარ მარგოშვილია.
არსებული ინფორმაციით, მარგოშვილი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა. სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა. ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი იყო.
ოჯახის წევრების განცხადებით, ახალგაზრდამ ერთი წლის წინ სწავლა შეწყვიტა და სამუშაოდ თურქეთში წავიდა. შემდეგ ბორჩაშვილი სირიაში გადავიდა საბრძოლველად. ადგილობრივების ინფორმაციით, პანკისელი ახალგაზრდა დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა. არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 17 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.