ახალი ამბები

კახეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნების საკითხებზე კონსულტაციები გაიმართება

პროგრამის „სოციალური ეკონომიკა – კახეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობა“ ფარგლებში თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებისა და მათი განვითარების ხელშეწყობა საწყისი დაფინანსების უზრუნველყოფით.

კონკურსის წესით შეირჩევა სასოფლო-სამეურნეო სფეროში, კოოპერატიული საქმიანობით დაინტერესებული ჯგუფები (თითო ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 მსურველისაგან/დამფუძნებლისაგან), მოხდება მათი გადამზადება, ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სათანადო კონსულტაციების გაწევა და ბაზისური დაფინანსების გაცემა. სულ პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ოთხი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თანამშრომლობის პრეცენდენტების გაჩენა რეგიონში, საფუძველს ჩაუყრის მსგავსი ინიციატივების წახალისებას. 

პროექტის ფარგლებში კონსულტაციები 18 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება სოფელი ნუკრიანში, ბიბლიოთეკაში (კულტურის სახლის შენობა). 19 ივნისს, 12.00 საათზე წნორში სამოქალაქო ინიციატივის ოფისში. 20 ივნისს კი თელავში დილით 11.00 საათზე შეხვდრა გაიმართება სოფ. კისისხევში, “კარგი სახლის” შენობაში, 13.00 საათზე თელავის მედია კაფეში, ხოლო 16.00 საათზე კი, სოფ. ნაფარეულში სათემო ცენტრის შენობაში.