2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა წავიდა
2023 წელს ემიგრაციაში საქართველო 163 480 მოქალაქე წავიდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მოსახლეობის რიცხოვნობის დოკუმენტშია ნათქვამი. ეს რიცხვი 2022 წელთან შედარებით 62 678-ით გაიზარდა და რეკორდულია.
გასულ წელს ქვეყნიდან გასული ემიგრანტების რიცხოვნობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5% პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9% და ემიგრანტების 62.2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2023 წელს, იმიგრანტების 44.6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66.7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების წილობრივი მოცულობა 2022 წელთან შედარებით იმიგრანტების შემთხვევაში გაიზარდა, ემიგრანტების შემთხვევაში კი შემცირდა. (2022 წელს, იმიგრანტების 30.3%-ს, ხოლო ემიგრანტების 80.5%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ).
ვინ ითვლება ემიგრანტად?
“ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე),”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.
ვინ ითვლება იმიგრანტად?
“პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე),”- ნათქვამია საქსტატის მეთოდოლოგიაში.