ახალი ამბები

განათლების სამინისტრო ნაცმოძრაობის ბრალდებაზე – ინფორმაცია გამიზნული სიცრუეა

სამინისტრო ”გამიზნულ სიცრუეს” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან სკოლის დირექტორებმა მიიღეს წერილი, რომლის მიხედვითაც პედაგოგებს, მმართველი პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობა ეკრძალებათ. 
თამარ სანიკიძის უწყების მტკიცებით, მსგავსი შინაარსის წერილი რესურსცენტრიდან არ გავრცელებულა. 
”ინფორმაცია სრული და გამიზნული სიცრუეა! მსგავსი შინაარსის წერილი რესურსცენტრიდან არ გავრცელებულა. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, განათლების სისტემის დისკრედიტაციის და პოლიტიზაციის მცდელობას.
განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სკოლის პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების. ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რაც კარგად აქვს გაცნობიერებული განათლების სისტემის ყველა მუშაკს”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მასწავლებლებზე უხეშ ზეწოლას ახდენს. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, სკოლის დირექტორებმა რესურსცენტრიდან მიიღეს წერილი, რომელშიც მითითება იყო, რომ პედაგოგებს სახელისუფლებო პარტიის გარდა, სხვა პოლიტიკური გაერთიანებების აქტივობებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ.