ახალი ამბები

ლაგოდეხში მსხალგორის მთაში სავარაუდოდ დაკარგული მონადირის ცხედარი იპოვეს

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია და იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოფო კობაიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მთიდან ცხედრის გამოყვანის და გარდაცვლილის პროზექტურაში გადასვენების სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შესაძლოა კახეთში ხუთი თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.
“დღეს მსხალგორის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ხუთი თვის წინ ამ მიდარმოებში დაიკარგა სამი მონადირე. ზუსტად ვერ გეტყვით გარდაცვლილი არის თუ არა რომელიმე მონადირე. მაშველებმა ცხედარი უნდა გამოიყვანონ მთიდან. მას შემდეგ რაც ცხედარს ჩამოიყვანენ, მას შესაბამისი სამსახურები ჩაუტარებენ ექსპერტიზას“, – განუცხადა knews.ge-ს სოფო კობაიძემ. 
შეგახსენებთ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მკვიდრ ავთო და დათო სამხარაძეებთან ერთად ლაკოს ხეობაში სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. სამი მონადირის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 3 იანვარს გავრცელდა. 7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული მონადირეები დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამაც დაადასტურა, თუმცა 8 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული მონადირეების დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ტყეში დაკარგულ მონადირეებს ხუთი თვის განმავლობაში ეძებდა. სამძებრო სამუშაოები 19 მაისს შეწყდა.