ახალი ამბები

პრემიერი – დაწყებულია სოფლის ფეხზე წამოდგომის შეუქცევადი პროცესი

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით, 1000-ზე მეტი საწარმო ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე აღიჭურვა.
„მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოსთვის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის იდენტობა დღემდე შემოინახა და ამდენად, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დარგის განვითარება. მოხარული ვარ, რომ ეს საწარმო გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ – 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველოს სოფელი ფეხზე წამოდგომას იწყებს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში 400 მილიონ ლარზე მეტი შევიდა საქართველოს ოჯახებში, მათ შორის, კახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ძალიან მზარდი დინამიკაა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის სოფლად წელმაგარი, წელში გამართული ოჯახების არსებობის საწინდარი, რაც ქვეყნის ძლიერების წინაპირობაა.