თელავში ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებულ თხის ყველს აწარმოებენ
ფერმერული საქმიანობა მან შვიდი წლის წინ ოჯახთან ერთად დაიწყო. ფერმერმა საწარმო „მარლეტას ფერმა“ საკუთარი ხელით ააშენა და ამ ეტაპზე რამდენიმე სახეობის ყველს აწარმოებს.
მეწარმეს 12 დედალი, ერთი მამალი თხა, 18 ციკანი და რამდენიმე ძროხა ჰყავს. ლევან ცაგურია ამბობს, რომ თხის ყველზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნის გამო წარმოებული პროდუქცია სწრაფად ეყიდება.
,,ყველის ფრანგული ტექნოლოგიით წარმოებას ინტერნეტის საშუალებით გავეცანი. გავიარე ასევე შესაბამისი კურსებიც.
ყველის ეს სახეობა, რომელსაც მე ვაწარმოებ, საზღვარგარეთ ხუთჯერ ძვირია. საერთოდ, თხის ყველი ძალიან მაღალი ხარისხისაა და ღირებულებაც შესაბამისი აქვს. საგემოვნო თვისებების გარდა, იმითაც არის გამორჩეული, რომ არ იწვევს ალერგიას“, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ,,bpn”-ს ლევან ცაგურიამ.
ფერმერი ყოველდღიურად თხის 20 ლიტრ რძესა და ძროხის 50 ლიტრ რძეს აწარმოებს. ცაგურიას განცხადებით, თხის ყველი ,,ბონას“ ღირებულება სპეციალურ მაღაზიებში 65 ლარია, ძროხის ყველი ,,აშმელო“ კი 45 ლარად ფასობს.
„დღესდეღეობით მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე ვმუშაობ. წარმადობა იმდენად მცირეა, რომ მოთხოვნას ძლივს ავუდივარ. მომავალში ფერმის გაზრდასა და განვითარებაზე ვფიქრობ. კიდევ ორი სახის ყველი უნდა შევმატო ჩემს წარმოებას. ერთს ,,შალაურს“ დავარქმევ და ტექნოლოგიაც განსხვავებული იქნება“, – აღნიშნა ცაგურიამ.

