ახალი ამბები

თუშეთში ტურისტული სეზონი იხსნება

,,ფესტივალი შესაძლებლობას იძლევა, რომ დასმწრეები ეზიარონ ადგილობრივ ხელოვნებას და მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ სპორტულ თამაშებსა და ღონისძიებებში, შეიძინონ ადგილობრივი ხელთნაკეთი ნიმუშები, დააგემოვნონ ტრადიციული სამზარეულო და გაეცნონ ადგილობრივ ფოლკლურულ ხელოვნებას“, – განაცხადეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.
ტრადიციული თამაშებისა და სამზარეულოს ფესტივალში თუშეთის 50-მდე სოფლის მოსახლეობა იქნება ჩართული.
ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი 25 ივნისს, 13:00 საათზე, გაიხსნება. 13:30-14:00-მდე დაეთმობა თუშეთისა და თუში ხალხის ცხოვრების მოკლე ისტორიულ მიმოხილვას.
14:00 საათზე ლელა თათარაიძე და ჯგუფი “კესანე” გამართავენ ფოლკლორულ კონცერტს.
15:00 საათზე ჩატარდება ტრადიციული თამაშები და შეჯიბრებები – ხრიდოლი. სპორტული ღონისძიებების დასასრულს გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.
17:00 საათზე გაიმართება დოღი, ცხვრის პარსვა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები ტრადიციული სამზარეულოს დააგემოვნებენ. ღონისძიებას 20:00 საათზე ჯგუფი ,,ბანი“ დაასრულებს.
26 ივნისს, ფესტივალის მეორე დღეს, კი თუშეთის ეროვნულ პარკში მოეწყობა სალაშქრო და საცხენოსნო ტურები. პარკი მდებარეობს ქვემო ომალოში. ფესტივალი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით ტარდება.