თელაველი ცისია ნინიკელაშვილი გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად დაინიშნა
იგი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში შეარჩიეს. ცისია მესამე წელია, რაც გერმანიაში სწავლობს.
პროგრამა მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობების დამყარებას, ახალგაზრდობის სფეროში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას, უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის ჩამოყალიბებას საქართველოში, მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა კადრების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას და ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციას.
,,იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბევრი კულტურული და გაცნობითი ხასიათის ღონისძიება, რომლებიც ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩს, მსურს, გავაცნო პროექტი საქართველოში მცხოვრებ სტუდენტებს, მოსწავლეებს, მოვისმინო მათი ხედვა და ინიციატივები, გავუზიარო მათ ჩემი ევროპული გამოცდილება და გავიგო მათი სამომავლო გეგმების შესახებ. ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი დამოკიდებულია ჩვენს ერთიანობაზე“, – განუცხადა knews.ge-ს ნინიკელაშვილმა.
საქართველოში ახალგზარდა ელჩების ამბასადორიალი უკვე შედგა. ღონისძებაზე მსოფლიოს რვა სხვადასხვა ქვეყანაში დანიშნულმა საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა წარადგინეს ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის, მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, საკუთარი ინიციატივებისა და ერთი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ.
ცისია ნინიკელაშვილი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თანაქალაქელ ახალგაზრდებსაც შეხვდა.