გელა სამხარაული – ,,კოოპერაცია სოფლის მეურნეობას განავითარებს”
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილე“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან საქმიანობს და მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერატივის თავმჯდომარის, იზოლდა ქიტესაშვილის თქმით, კოოპერატივში აწარმოებენ ამერიკულ უეკლო მაყვალს, ასევე გაშენებული აქვთ ატმისა და გარგარის ბაღები. მისივე თქმით, კოოპერატივმა USAID-ის პროგრამის ფარგლებში ხილის საშრობის მოწყობისთვის გრანტი მიიღო, რომლის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია და მიმდინარეობს მისი აღჭურვა.
„გაშენებული გვაქვს ქლიავის, გარგარის, ატმის ბაღები. განსაკუთრებული ადგილი, ჩვენს საქმიანობაში, უეკლო მაყვალის ჩესტერის წარმოებას უჭირავს. 50 ძირიდან დავიწყეთ და ნათესმა ფართობმა უკვე 4 ჰექტარს გადააჭარბა. წელს, სულ მცირე, 25 ტონა მოსავალს ველოდებით. ჩვენ ვართ ერთერთი კოოპერატივი რომელმაც USAID- ის პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და მოვიპოვეთ გრანტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს თანადგომა და იაფი კრედიტის პროგრამაში ჩართვა. სწორედ ამ კრედიტის და გრანტის საშუალებით ვაკეთებთ ხილის საშრობ საწარმოს, სადაც ჩავიბარებთ და გამოვაშრობთ ხილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება და ქართული მაყვალი მალე ევროპის ბაზარზეც გავა-“ განაცხადა კოოპერატივი „გილეს“ თავმჯდომარემ ზოლდა ქიტესაშვილმა.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომისიის წარმომადგენლებმა ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „აგრო აპი“ მოინახულეს. კოოპერატივი 11 წევრს აერთიანებს და მათი ძირითადი საქმიანობა მეფუტკრეობაა. კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი მიშელაძეს თქმით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით შეძენილი მცირე საწარმოო ხაზის მეშვეობით მათ უკვე საშუალება აქვთ ქილებში ჩამოსხმული მზა პროდუქტი მომხმარებელს შესთავაზონ.
„კოოპერატივები, რომელთა საქმიანობას გავეცანით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. მათი საქმიანობის საერთო პოზიტიური ხაზი ის არის, რომ თითოეულმა ფერმერმა მიიღო ის სიკეთე, რაც კოოპერატივის შექმნის შედეგად შეეძლოთ მიეღოთ. ეს საკმაოდ დიდი შეღავათებია, როგორც ფინანსური ასევე პროფესიული თვალსაზრისით“- განაცხადა კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განხცხადებით, კოოპერაციული თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია.
,,ვცდილობთ ყველა პროექტში, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს გათვალისწინებული იყოს შეღავათები კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირებისთვის. გვინდა დავარწმუნოთ თითოეული ფერმერი, რომ ეს არის ის გზა, რომელიც სოფლის მეურნეობას განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლის საშუალებას მისცემს,“-განაცხადა გელა სამხაუარლმა.
აგრარულ საკითხთა კომისიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს 1474 კოოპერატივს. კახეთის რეგიონში კი 121 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.