საქართველოდან წყლის მასშტაბური ექსპორტი იგეგმება
აპრილში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აბას თალები ფარი აცხადებდა, რომ ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. მისი თქმით, ურმიის ტბის შესავსებად ორი გზა, ორი პროექტი არსებობს: 1. დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყლის გადატუმბვა ურმიის ტბაში. ამ პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე შესაბამისი ინსტიტუტები უკვე მუშაობენ. 2. საქართველოს არტეზიული წყლების გადატანა აზერბაიჯანის გავლით ირანში.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე businesscontact-თან ამბობს, რომ საქართველოს ამ დროისთვის არ გააჩნია რესურსები იმისთვის, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს. მისი თქმით, ეს თემა მარტივად განსახორციელებელი არ არის, რადგან რომელიმე მდინარის „გადაგდება“ შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასიც შეიძლება გახდეს.
,,აღმოსავლეთ საქართველოში ნებისმიერ სიტუაციაში წყლის დეფიციტია, წყლის გატანა ვერც ალაზნიდან და ვერც მტკვრიდან ვერ მოხდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიონი წყალუხვობით არის ცნობილი, ამ პროექტის რიონის იმედად განხორციელებაც არ იქნება სწორი”, – აცხადებს ჩხობაძე.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ურმიის ტბა დამშრალია და ფართობით დაახლოებით იმხელაა, რამდენიც მინგეჩაურის წყალსაცავი. აქედან გამომდინარე, წყლის მოცულობა, რომელიც ამ ტბის შესავსებად არის საჭირო, საქართველოში შეუძლებელია მოპოვებულ იქნას. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ წყლის რესურსების კუთხით განსაკუთრებით დეფიციტურია აღმოსავლეთ საქართველო, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ამ შემთხვევაში არსებული წყალი საირიგაციოდ და ჰიდროელექტროსადგურებისთვისაა საჭირო. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ამან შესაძლოა წყლის დეფიტი გამოიწვიოს. გარემოს დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ელისო ბარნოვი კი აცხადებს, რომ მის სამსახურში ამ პროექტზე განაცხადი არ შესულა.