თელავში ევროპული კაფეების ტური გაიმართა
პროექტი მიზნად ისახავს სლოვაკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი ეყრდნობა საქართველოს მთავრობის ინიციატივას ევროინტეგრაციის პროცესში ქართული საზოგადოების ჩართულობის გაზრდის შესახებ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე ნოზაძის განცხადებით, აღნიშნული კამპანია ხორციელდება ევროპული კაფეების ფორმატში არაფორმალური საჯარო დისკუსიების სახით. მისი თქმითვე, პროექტი ექსპერტებს, ადგილობრივი თემის ლიდერებსა და რეგიონის მოსახლეობას შორის სხვადასხვა სოციალური პრობლემის გარშემო დიალოგის დაწყებას, სლოვაკეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
,,პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, მათი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც გამოააშკარავებს საზოგადოებაში არსებულ ამჟამინდელ არასწორ შეხედულებებსა და მოლოდინებს”,- განუცხადა knews.ge-ს თორნიკე ნოზაძემ.
გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში, სოფლის მეურნეობის საკითხებში ექსპერტის, მარია კადლეციკოვას განმარტებით, პროექტის ფარგლებში გამართული დისკუსიები ითვალისწინებს სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდას დიდი საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზების კუთხით.
,,ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის კუთხით მოგვიწია ბევრი ინსტიტუციის შექმნა და აშენება. ერთ-ერთი იყო საკვების უვნებლობის და ვეტერინარიის სამსახური, რომლის ფუნქცია საკვების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი იყო. საქართველოშიც არის შექმნილი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტია. მოსახლეობაც უნდა იყოს აქტიური პროდუქციის, მაგალითად ღვინის ევროპის ბაზარზე გატანისას. ამ ეტაპზე აუცილებელია ფერმერების მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამაში ჩართვის მეშვეობით. ამ პროცესში პრობლემებზე მეტი უფრო შესაძლებლობებია და ქართველმა ფერმერმა უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს გააჩნია,”– განუცხადა Knews.ge-ს მარია კადლეციკოვამ.