მოგზაურობა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში
ვფიქრობ, რომ მოგზაურობა განსაკუთრებით მაშინ არის საინტერესო, როცა ფეხით დადიხარ, ლაშქრობ და უფრო ახლოს შეიგრძნობ იმ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა. მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კარავი, რომელში ძილიც, ჩემთვის პირადად, დიდი სიამოვნებაა.
ვფიქრობ, რომ ლაშქრობა ნიკოტინზე ძლიერია და საოცრად იჩვევს ადამიანს. რაც უფრო მეტ ლაშქრობაში მიდიხარ, უფრო გიყვარდება ის და რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო მეტად გინდება წარსული დღეების გამეორება.
მე კი უკვე დიდი ხანია, რაც ლაშქრობამ ისე მიმიჩვია, რომ ახლა ვფიქრობ და მგონია, ალბათ ლაშქრობის გარეშე მე ვერ გავძლებ. ყველაზე მაგარი გრძნობა კი სალაშქრო სეზონის გახნსაა, ანუ როცა შემოდგომის შემდეგ არ ყოფილხარ და გაზაფხულზე პირველად მიდიხარ კიდევ ერთი ადგილის დასალაშქრად.
მე წელს ძალიან გამიმართლა. 2016 წლის პირველი ლაშქრობა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მქონდა, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში.
მივდიოდი, ვტკბებოდი საოცარი ბუნებით და ვფიქრობდი, რა საოცარია დედამიწა, საქართველო და თუნდაც ცალკეულად კახეთი. ამ პატარა მიწაზე, 11 379 კმ² -ზე (კახეთის ფართობი) რამდენი სახეობის მცენარე იზრდება, რამდენი განსხვავებული ლანდშაფტია, რამდენი ეკოსისტემაა.
პანტიშარის ხეობაში შექმნილი მერცხლების ქალაქი, საოცარი ფორმის კლდეები, ქართული ზამბახი, წითელი იორდასალამები, მიჯნის ყურის საოცარი ლანდშაფტი, მწვანე თვალუწვდენელი მდელოები, საკმლის ულამაზესი ხეები – ეს იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია, რაც ვალოვანის დაცულ ტერიტორებზე შეგხვდებათ.
განსაკუთრებით საინტერესო იყო აზერბაიჯანის საზღვართან მისვლა, საიდანაც ძალიან კარგად ჩანდა მინგეჩაურის წყალსაცავი და ყარაბღის მთები.
მინდა, ასევე, გაგიზიაროთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ მცირე ინფორმაცია, რომელიც იქ ყოფნის პერიოდში მოვიძიე:
ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 067,5 ჰა-ს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.
ბოლოს კი ჩემს ბლოგს პატარა, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რჩევით დავასრულებ:
გიყვარდეთ ბუნება და მაქსიმალურად ეცადეთ მასთან სიახლოვეს!