ახალი ამბები

პანკისში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე აღინიშნა

დუისში, თეატრონის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება: დოღი, მშვილდოსნობა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, მარათონული სირბილი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამუზეუმო ექსპონატებისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრებმა ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს. ცნობილი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატის, ბაღათერ არაბულის წიგნის – „ხევსურული საგას“ პრეზენტაციაც გაიმართა. 
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ: სულთან ბორჩაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი „პანკისი“, თეატრალური უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლი „როკვა“, ახმეტის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბახტრიონი“, ერისთავის თეატრი, თეატრალური უნივერსიტეტის მომღერალთა გუნდი, თუშების ფოლკლორული ანსამბლი „კესელო“, ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნები“ და ინდივიდუალური შემსრულებელი ნატო მეთოშვილი.
ღონისძიებები გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს მხარდაჭერითა და რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდის ორგანიზებით.