ახალი ამბები

2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა

2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. უჩა ნანუავილის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა. თითქმის სამჯერ მეტია მონაცემები, რომლებიც ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობას შეეხება. 2015 წელს ასეთი 1 449 შემთხვევა დაფიქსირდა. ომბუდსმენის განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის მიტოვების ფაქტები. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა.
გენდერული მეინსტრიმინგის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, როგორც სამინისტროებში, ისე სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ამასთან, არცერთ სამინისტროს არ აქვს სტრუქტურული ერთეული გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს კვოტირების სისტემის შემოღებას.
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი არაერთხელ გამხდარა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხი. აღნიშნულის მიუხედავად, არ დაწყებულა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების პროცესი. მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის მიუხედავად, კვლავ არ ხორციელდება დაცვისა და დახმარების სპეციალური ღონისძიებები, ხოლო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ამ დრომდე არ განსაზღვრულა.
მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი ქალების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი საქართველოში აქტუალობით არ ხასიათდება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა რიგი შემთხვევები და გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალ უფლებადამცველებზე განხორციელებული მუქარის ფაქტების და რისკების სწორად შეფასება. მნიშვნელოვანია ქალი უფლებადამცველების დაცვის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 2013 წლის რეზოლუციის განხორციელებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე და ინფორმირებულობა როგორც რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ისე ქვეყანაში არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე. გაეროს დედათა სიკვდილიანობის შეფასების სააგენტოთაშორისი ჯგუფის მონაცემებით, საქართველო მოიაზრება ე.წ. B ჯგუფის ქვეყნებს შორის; ე.ი. არ აქვს დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა. კვლავ გვხვდება აბორტის ისეთი ფორმა, როგორიც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.