ახალი ამბები

დიდი ჩაილურის სკოლაში დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გაიხსნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის რიგითი ზურაბ ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის შტაბის S2 დაზვერვის ოფიცერი კაპიტანი გიორგი კირაკოზაშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა.
ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალით დასრულდა, გიორგი კირაკოზაშვილის დედაც დაესწრო.
„ეს კამპანია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. გვინდოდა ყველა სკოლაში, სადაც ჩვენი თაობის, დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირები სწავლობდნენ, უფრო ახლოს მიგვეტანა მათი ისტორიები ბავშვებისთვის, უფრო მეტად ეამაყათ, მეტი ამბავი ჰქონოდათ ერთმანეთისთვის მოსაყოლი. ჩვენ სპეციალური ვებგვერდიც შევქმენით თავდაცვის სამინისტროში და მათ ისტორიებს ვუყვებით საზოგადოებას. გვინდა, ყველამ იცოდეს, რომ მათთან ერთად, მათ გვერდით ის ადამიანები ცხოვრობდნენ, ვინც თანამედროვე საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა. ვისი სიცოცხლის ფასადაც შესაძლებელი გახდა ის, რომ დღეს შედარებით უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, შედარებით უკეთესი პერსპექტივები გვაქვს, შეადრებით უკეთეს მომავალს ველოდებით. დღეს ამ ამბის ერთ-ერთი სიმბოლური დღეა დიდი ჩაილურის სკოლაში. აქ ორი ასეთი გმირი სწავლობდა, ერთი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში დაიღუპა, მეორე აგვისტოს ომში შეეწირა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ, სიმბოლურად დროშა აღვმართეთ სკოლის ეზოში ნიშნად იმისა, რომ დროშა, რომელიც ამ ბიჭებს ეჭირათ ხელში თამამად და ამაყად უნდა ფრიალებდეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსგავსი ღონისძიებები უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიმართება.