ვიდეორეპორტაჟი

ახმეტაში ბიო მარწყვის პირველი მოსავალი მიიღეს

,,სათბური 100კვ. სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს, სადაც მარწყვის ჩითილი პირამიდულ კონსტრუქციაზე მოწყობილ პლასტმასის მილებშია გაშენებული. მარწყვის მუდმივმსხმოიარე ჯიშების მოყვანა სათბურში, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი“, – განაცხადა თემურ ტერტერაშვილმა. 

თეიმურაზ ტერტერაშვილის თქმით, ბიო მარწყვის მოყვანის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. მას სურდა, ხილის მოსავალი წლის განმავლობაში ჰქონოდა და სწორედ ამ ბიზნეს იდეით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მიმართა, რომლებიც მარწყვის სათბურის მოწყობასა და უცხოეთიდან ნერგების ჩამოტანაში დაეხმარნენ. ფერმერისვე განცხადებით, სათბური მარტივი მეთოდით არის მოწყობილი, რომელშიც სპეციალური სარწყავი, გამაგრილებელი და ზამთრისთვის გასათბობი სისტემაა დამონტაჟებული. მისივე ინფორმაციით, ხილის მოსავლის მიღებას იგი ყველა სეზონზე შეძლებს. გადარგული ხილის ერთი ძირიდან კი ერთ კილოგრამამდე მარწყვის მოკრეფას ვარაუდობს.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ დირექტორის, მარიამ ჯორჯაძეს განცხადებით, სამოდელო პროექტი ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში 21 ათასი ლარით დაფინანსდა. 

,,ჩემი აზრით, სოფელ მატანში მარწყვის საოჯახო სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროექტი სხვა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი, მისაღები და ინოვაციურია. მოვაწყეთ მარწყვის მოდელის დემონსტრაციაც, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ სათბურში მარწყვის მოყვანის თანამედროვე მეთოდებსა და ხილის წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებს“, – აცხადებს knews.ge-სთან მარიამ ჯორჯაძე.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორის ლალი გოგინავას განცხადებით, ერთი ძირი მარწყვი მთელი ვეგეტაციის პერიოდში ისხავს კილოდან კილონახევრამდე მარწყვს. მისივე თქმით, ფერმერმა მათ მიერ შერჩეულ პირამიდულ კონსტრუქციაზე მარწყვის ჩითილების გადარგვა მცირე ფართობზე შეძლო, რასაც მილების სხვაგვარი განლაგების გარეშე ვერ მოახერხებდა. გოგინავას თქმით, მარწყვის სამივე სახეობა მაღალმოსავლიანი და ეკოლოგიურად სუფთაა.

,,2800 ძირიდან წელიწადში 3 ტონამდე მარწყვი დაიკრიფება, რაც ფერმერისთვის ძალიან დიდი პლიუსია. შევარჩიეთ პირამიდულ კონსტრუქცია, რადგან ყოველ 20 სანტიმეტრში ჩაირგო მარწყვის ჩითილი. ამ რაოდენობის მარწყვისთვის სტელაჟები რომ გაგვეკეთებინა და  ისე დაგვეწყო მილები, დასჭირდებოდა 500 კვ.მ ადგილი, ახლა კი 100 კვ.მეტრზეა გაშენებული, რამაც გაამართლა“ , – აცხადებს ლალი გოგინავა.

 მარწყვის მოსავლიდან მიღებული შემოსავლით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, თემურ ტერტერაშვილი სამომავლოდ მეურნეობის განვითარებასა და გაფართოვებაზე ფიქრობს. მას, პირველ ეტაპზე, დაგეგმილი აქვს საქართველოს ბაზრის ათვისება, შემდეგ კი საზღვარგარეთის ბაზრების მოძიებაზე იმუშავებს.

ტერტერაშვილების ოჯახს გარდა იმისა, რომ ხელი მიუწვდება მარწყვის წარმოების თანამედროვე ტექონოლოგიებზე, ისინი 2 800 ძირი ხილის მუდმივმსხმოიარე ჩითილიდან წელიწადში 3 ტონა მოსავლის აღებას ვარაუდობენ.

სოფელ მატანში მარწყვის საოჯახო სასათბურე მეურნეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ (ENPARD) ოქსფამის კონსორციუმის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით გაიხსნა.