სოფელ მატანში მარწყვის სასათბურე მეურნეობა გაიხსნა
ფერმერ თემურ ტერტერაშვილის განცხადებით, სასათბურე მეურნეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ (ENPARD) ოქსფამის კონსორციუმის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით გაიხსნა.
,,სათბური 100კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს, სადაც მარწყვის ჩითილი პირამიდულ კონსტრუქციაზე მოწყობილ პლასტმასის მილებშია გაშენებული. მარწყვის მუდმივმსხმოიარე ჯიშების მოყვანა სათბურში, წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი“, – განაცხადა თემურ ტერტერაშვილმა.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,, ელკანას“ დირექტორის, მარიამ ჯორჯაძეს განცხადებით, სამოდელო პროექტი ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში 21 ათასი ლარით დაფინანსდა.
,,ჩემი აზრით, სოფელ მატანში მარწყვის საოჯახო სასათბურე მეურნეობის საპილოტე პროექტი სხვა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი, მისაღები და ინოვაციურია. მოვაწყეთ მარწყვის მოდელის დემონსტრაციაც, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ სათბურში მარწყვის მოყვანის თანამედროვე მეთოდებსა და ხილის წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებს“, – აცხადებს knews.ge-სთან მარიამ ჯორჯაძე.