„ორბელიანი საქართველო“ სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას იწყებს
ორგანიზაცია აცხადებს იდეების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია საინიციატივო ფუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს იდეის წარდგენა მარტივი განცხადების ფორმის შევსებით, ინტერნეტ პლატფორმის (app.orbeliani.net) საშუალებით, შეეძლებათ. როგორც knews.ge-ს „ორბელიანი საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორმა ნინო გიორგაძემ განუცხადა, წარმოდგენილ განაცხადს მოწვეული ექსპერტები განიხილავენ. გამარჯვების შემთხვევაში იდეის ავტორს განხორციელებისთვის საჭირო ნივთები გადაეცემა ან სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება.
„დაინტერესებულ პირებს ორბელიანი საქართველოს პლატფორმაზე შეუძლიათ ატვირთონ იდეა ნებისმიერ საკითხზე – გარემოს დაცვაზე, განათლებაზე, სამოქალაქო ჩართულობაზე და ა.შ, რომლებსაც შეუძლია პოზიტიური ცვლილებები მოახდინოს საზოგადოებაში. იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. ორბელიანი საქართველო არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით. ჩვენი პროექტი საშუალებას აძლევს არა არასამთავრობო ორანიზაციებს, არამედ რეგიონებიდან და სოფლებიდან, წარმოადგინონ სამოქალაქო ინიციატივა. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული იქნება 80 იდეა. აქედან თბილისში დაფინანსდება 16 იდეა“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, პლატფორმაზე მხოლოდ გამარჯვებული იდეები გამოქვეყნდება, რომელსაც, მეტი გამჭვირვალობისთვის, თან ერთვის განხორციელებული იდეისთვის შესყიდული ნივთების ჩამონათვალი. იდეის ავტორი საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ საკუთარ გვერდზე ფოტოების და ისტორიების გაზიარებით.
განცხადებების მიღება დაიწყო 4 აპრილიდან და ეტაპობრივად განიხილება. ამ ეტაპზე განცხადების წარდგენა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. პროექტი “მოხალისეობის განვითარება საქართველოში” ხორციელდება შვედეთის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.