ბლოგები

ბავშვებმა ბავშვები რომ არ გააჩინონ…

ადრეულ ასაკში ქორწინებას საქართველოში „მარადმწვანე“ პრობლემას უწოდებენ, რადგან  ვერ ხერხდება არასრულწლოვანთა დაოჯახების შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება. პრობლემები, რომელსაც  ადრეულ ასაკში ქორწინება ქმნის:  ეს არის –   ჯანმრთელობა,  განათლების ხელმიუწვდომლობა, სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება და ფინანსური პრობლემები.

 არადა ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის მოგვარებაზე  სამთავრობოსთან ერთად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.  ნაადრევი ქორწინების მხრივ საქართველოში განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული აზერბაიჯანულენოვანი  სოფლები გამოირჩევა.  ახლა სწორედ ერთ-ერთ სოფელზე გიამბობთ. ეს არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი. 

https://goo.gl/Lzoig7

სხვადასხვა პროექტის ფარგელბში, 10 წელზე მეტია  სოფელ კაბალთან მაქვს შეხება. ვამზადებდით ქართული ენის შემსწვალელ რადიოგაკვეთილებს,  დანარჩენ საქართველოს ვაცნობდით  ეროვნებით აზერბაიჯანელთა კულტურას და ტრადიციებს.

https://goo.gl/e9G86p

ვამზადებდით ახალ ამბებს მათ ენაზე და ა.შ.  შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში,  უამავი ადგილობრივი გავიცანი.  ესენი არიან პედაგოგები, ფერმერები, რიგითი ადამიანები, თუ სასულიერო პირები.

ყოველთვის მაინტერესებდა  რატომ ათხოვებდნენ, მაგალითად, 13-15 წლის გოგონებს  მშობლები, ან პირიქით, რატომ რთავდნენ ნებას ამავე ასაკის ბიჭებს ცოლი მოეყვანათ?  ვისაც ვესაუბრე, თითქმის არცერთ მათგანს არგუმენტირებული განმარტება არ გაუკეთებია.   მაგალითად ერთმა მიპასუხა, რომ  „ადრეულ ასაკში  ქორწინება ძირითადად  ისეთ ოჯახებში ხდება, ვისაც სოციალურად უჭირს და შვილების სათანადოდ შენახვა არ შეუძლია“.   კიდევ ერთი პასუხი ასეთი იყო: „აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სწავლა სათანადო დონეზე არ ხდება, ბაშვები სკოლას ამთავრებენ და არაფერი იციან. ისინი ვერც უმაღლესში სწავლობენ, ამიტომ  ვამჯობინებთ, რომ ოჯახი ჰყავდეთ, ფიზიკურად იმუშაონ და შეინახონ ერთმანეთი“. 

რა თქმა უნდა, ეს არგუმენტები ალბათ ბევრისთვის არ არის დამაჯერებელი და ვერც გაამართლებს ნაადრევ ქორწინებას.  იკვეთება თუ არა  ნაადრევი ქორწინება და სოციალური გაჭირვება ერთმანეთთან?  ერთ-ერთი ასეთი ფაქტი სახალხო დამცველის  2012 წლის ანგარიშშიც მოხვდა.   გოგონა ყვება: ჩემი მეგობარი ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, საჭმლის საშოვნელად გარეთ უწევდა სიარული. გათხოვდა და იცის, რომ მომავალი გარანტირებული აქვს, მშიერი მაინც აღარ იქნება“. შესაძლოა ეს არგუმეტი ბევრისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა ნაადრევი ქორწინების ზოგიერთი შემთხვევა სწორედ ამის გამოც ხდება.  ნაადრევი ქორწინების ფაქტები ხშირად გაუხმაურებელი რჩება და მხოლოდ  ერთეული შემთხვევები  საჯაროვდება.  სახალხო დამცველს ნაადრევი ქორწინების შესახებ ყურადღება 2013-2014 წლების ანგარიშშიც აქვს გამახვილებული.  ამ ანგარიშში ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგონას მაგალითი იყო მოყვანილი, რომელიც მამამისმა იძულებით 45 წლის კაცს 10 ძროხად მიჰყიდა.

https://goo.gl/9ESMLB

ამბავი გახმაურდა. თითქმის ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ ამ თემაზე რეპორტაჟი და გადაცემა მოამზადა, თუმცა რეალურად  არაფერი შეცვლილა. ასეთი  ქორწინებები კვლავ ხედება.

ადრეულ ასაკში ქორწინებაზე საუბრის დროს, აღსანიშნავია, გოგონათა მოტაცება. სახალხო დამცველი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებს, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა.

მას შემდეგ რაც პარლამენტმა სამოქალაქო კოდექსში ცვლილები შეიტანა და რომლის მიხედვითაც  არასრულწლოვანთა  ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით არის დასაშვები, ლაგოდეხის აზერბაიჯანულენოვან სოფელ კაბალში ასეთი  ქორწინების შემთხვევებმა იკლო, თუმცა უმნიშვნელოდ.  

რატომ არ დგება შედეგი? 

ამის მიზეზად  მოსახლების ცნობიერების  დაბალი მაჩვენებელი მიმაჩნია, რადგან  უმეტეს შემთხვევაში აზერბაიჯანულენოვან სოფლებში ქართულ  ტელეგადაცემებს უბრალოდ ვერ  უყურებენ  და პრესას ვერ  კითხულობენ, რადგან  ენა არ იციან.   მათ ენაზე მომზადებული მასალები კი თითზე ჩამოსათვლელია და ისიც, პერიოდულად.   ორგანიზაციები, რომლებიც ნაადრევი ქორწინების პრევენზიაზე მუშობენ,  აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ინფორმაციის მიწოდების ფორმები და  ენობრივი ბარიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი 0 იქნება და ბავშვები კვლავ ბავშვებს გააჩენენ.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს  ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ისევე, როგორც მოლდოვას და თურქეთს. არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე.