თელავის უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელფასის მხოლოდ ნახევარი ჩაერიცხათ
ამის შესახებ პროფესორი ქეთევან გიგაშვილი სოციალუ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. გიგაშვილის განცხადებით, რამდენიმე ათეული წელია, რაც უნივერსიტეტში ფინანსური კრიზისი არ ყოფილა.
„90-იანი წლების, ანუ გაყინული ხელფასების ეპოქის შემდეგ, უნივერსიტეტს არ ახსოვს ფინანსური კრიზისი და ხელფასების გაუცემლობა. მარტში უნივერსიტეტმა თანამშრომლებს მხოლოდ ნახევარი თვის ხელფასები ჩაურიცხა. როდის ჩაირიცხება მეორე ნახევარი, არავინ იცის. არ დამიწყოთ ეხლა, სხვა უნივერსიტეტებშიც ანალოგიური ხდება, პრობლემები იქაც არისო! არ ხდება, ბატონო! მსგავსი პრობლემები იქ არ აქვთ“, – წერს ქეთევან გიგაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საკითხის კომენტირებისათვის ვერ მოიცალა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო კახაშვილი კი knews.ge-ს განუცხადა, რომ თესაუს სტუდენტების დიდი ნაწილი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც თანამშრომლებმა ხელფასის ოდენობის ნახევარი აიღეს. კახაშვილის თქმით, ყველა თანამშრომელს ყოველთვიური ანაზღაურების მეორე ნაწილი 10 აპრილამდე ჩაერიცხება.
„სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ. მათ დიდ ნაწილს აქვს ფინანსური დავალიანება. ჩვენ სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, სწავლის ქირა ეტაპობრივად დაფარონ. ვინაიდან თანხის მცირე ნაწილი იყო შემოსული, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, თანამშრომლებისათვის ხელფასის ოდენობის მხოლოდ ნახევარი ჩაერიცხა. კანონის მიხედვით, უნივერსიტეტს არ დაუგვიანებია ხელფასების ჩარიცხვა. მეორე ნაწილი აუცილებლად ჩაირიცხება 10 აპრილამდე“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო კახაშვილმა.