დღეიდან ვისოლმა თელავში გაზის ტარიფი 11 თეთრით გააძვირა
კომპანიამ აბონენტებს ტარიფის ცვლილება საინფორმაციო ქვითრების საშუალებით 3 თვის წინ აცნობა. როგორც Knews.ge-ს კომპანია „ვისოლის“ გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორმა, დავით ჯირმიზაშვილმა განუცხადა, ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც გაზი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მისი თქმით, გაზის გაზრდილი საფასური დოლარის კურსის ცვლლებას უკავშირდება და კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „ვისოლის“ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ გაზზე საფასურის მომატებით 7000 მოსახლე სხვა აბონენტებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარკვეულწილად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ეს ხალხს. ქალაქის მერიისთის მიუღებელია ის, რომ ერთი აბონენტი ბუნებრივ აირში იხდიდეს 48 თეთრს, ხოლო მისი გვერდით მცხოვრები მეზობელი 59 თეთრს“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის ვიცე მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით გუშინ მიმართა და მოითხოვა, კომპანია „ვისოლს“ გაეუქმებინა გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება. ბოტკოველის განცხადებით, ბუნებრივი აირის საფასურის უცვლელად დატოვების მოთხოვნით პარტიამ 5 000 ხელმოწერა შეაგროვა.