ახალი ამბები

თელავში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია გაიმართება

ღონისძიება კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ორგანიზებით ტარდება. როგორც knews.ge-ს ორგანიზაციის მენეჯერმა ნანა ათუაშვილმა განუცხადა, აუტიზმი განვითარების დარღვევაა, რომელიც ნეგატიურად აისახება კომუნიკაციურ და სოციალურ უნარებზე. 
,,აუტიზმის ზუსტი მიზეზები არ არის დადგენილი, თუმცა ხშირად ის ბიოლოგიურად ან თავის ტვინის ანატომიური თავისებურებებით არის განპირობებული, სიმპტომებიც განსხვავებულია: ბავშვი გამოსცემს უჩვეულო ხმებს, აქვს კვების თავისებური მახასიათებლებები, არ თამაშობს სათამაშოებით, ფუნქციის შესაბამისად აქვს მწირე სოციალური უნარები და ასე შემდეგ. ამ სპექტრის მქონე ბავშვებს ხშირად საერთოდ არ გააჩნიათ ან აქვთ ძალიან მწირი მეტყველება.
ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების აღჭურვა მეტი ინფორმაციით, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ჩართულობა და ინტეგრაცია გაიზარდოს.
სწორედ ამ მიზნით, World Vision საქართველოს, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა წელსაც ეხმიანება აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს და 2 აპრილს მართავს ღონისძიებას, სადაც მოეწყობა მსვლელობა ქალაქის ცენტრში, განათდება თელავში არსებული ტურიზმის ცენტრის შენობა სიმბოლურ ლურჯ ფერად, რომლის ფონზეც ფოტო გადაღების აქციით ცნობილი სახეები შეუერთდებიან ამ დღეს. ფოტოგადაღება ემსახურება ინტერნეტ აქციას და გადაღებული მასალა განთავსდება სოციალურ ქსელებში. კამპანიის მსვლელობისას გვექნება როგორც მუსიკალური გაფორმება, ასევე დაიდგმება საცეკვავო ნომრები”, – განუცხადა knews.ge-ს ნანა ათუაშვილმა
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველწლიურად, 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება.