მოსახლეობა ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებს
პროექტი ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის მონაკვეთზე შემოვლითი გზის გაკეთებას მოიცავს.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ადგილობრივების განცხადებით, პროექტის დაწყება ჭიანურდება, ამასთან, ისინი სახლების შესარჩევადაც ამაოდ დადიან და კომპენსაციას უგვიანებენ.
„აზომვითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და ველოდებით, როდის დაიწყება სამუშაოები. თუ ისევ გაჭიანურდება, გვითრხრან, რათა საგაზაფხულო ხვნა-თესვა მაინც დავიწყოთ, პროექტის დაწყება თუ დაგვიანდება, მოსავლის გარეშე მაინც არ დავრჩებით. საცხოვრებელი სახლებიც ძვირდება, კომპენსაციის გადახდას კი აგვიანებენ. გაიგეს, რომ სახლებს ეძებდა და ფასებს მოუმატეს, ძველ, სარემონტო სახლებს 30 000 დოლარს აფასებენ. როგორ უნდა შევიძინოთ. ამასთან, არც ჩემს ოჯახს და არც ჩემს მეზობლებს ჩვენი საცხოვრებელი სახლებიდან წასვლა და სხვაგან დასახლება არ გვინდა, თუმცა სხვა გამოსავალი არაა“,- განაცხადა ოლიკო ქიტოშვილმა.
ბაკურციხეში, სადაც შემოვლითმა გზამ უნდა გაიაროს, დასაწყისშივე ორი საერთო საცხოვრებელია, ე.წ. „მეურნეობის ბინები”. ორივე შენობა მოძველებულია, სადაც 36 ოჯახი ცხოვრობს. ისინი შიშობენ, რომ თუ ცენტრალური მაგისტრალი შენობებთან ახლოს გაივლის, სახლებს დანგრევის საფრთხე დაემუქრება.
საერთო საცხოვრებლებში დასახლებულები ითხოვენ, რომ ამ სხვა ადგილას დაასახლონ, სხვა საცხოვრებელი სახლების შესასყიდად მისცენ კომპენსაცია საბაზრო ფასების მიხედვით. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მასობრივი აქციების გამართვით იმუქრებიან და ამბიბენ, რომ მშენებლობის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
საგზაო დეპარტამენტის სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის, მარიამ ბეგიაშვილის ინფორმაციით, უკმაყოფილო არავინ დარჩება. უწყების ინფორმაციით, ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასაწყებად ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა. ამჟამად სატენდერო პროცესი მიმდინარეობს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. თუ სამშენებლო დერეფანში სახლი ან სხვა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთი მოხვდება, მსოფლიო ბანკი მათ განსახლებას და კომპენსაციას თავად უზრუნველყოფს.
წყარო: humanrights.ge