შეწყვეტს თუ არა თანამშრომლობას კახეთის გუბერნია სკანდალური ვიდეოების გამავრცელებელ სააგენტო etanews.ge – სთან
სააგენტოს ხელმძღვანელი ტელეწამყვანი გოჩა ტყეშელაშვილია, ხოლო რედაქტორი მისი მეუღლე მანანა ღოღობერიძე . აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს.
Media.ge-ს ინფორმაციით,http://www.media.ge/ge/portal/news/302175/„საინფორმაციო ვებ-გვერდი etanews.ge 1თებერვლიდან კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებულ ყველა ინფრომაციას უცვლელი სახით ავრცელებს. შესაბამისი შეთანხმება კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა და etanews.ge-ის ხელმძღვანელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა 30 იანვარს გააფორმეს. გამოცემის პროექტის კოორდინატორი, მანანა ღოღობერიძე ამბობს, რომ ამ შეთანხმებით ვებ-გვერდზე უფრო ხელმისაწვდომი გახდება რეგიონული ახალი ამბები და გამოცემას ექნება პირდაპირი კავშრი რეგიონებთან, რაც იქ მიმდინარე მოვლენების ოპერატიულად გავრცელებაში დაეხმარებათ.“
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები 11 მარტს თავდაპირველად ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. მოგვიანებით კი მაიდენტიფიცირებელი მასალები გაავრცელა რამდენიმე მედია ორგანიზაციამ, მათ შორის, ქვეყნის პოპულარულმა საინფორმაციო სააგენტო IPN – მა. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების გამო სააგენტოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა.
ფაქტის გარშემო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ. ,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ არც ერთი კადრი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაა. ამასთან არ შეუწყონ ხელი პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ დაასახელონ ვიდეოზე ასახული პიროვნების სავარაუდო ვინაობა, ასევე არ გაავრცელონ მისამართი, სადაც ამ მასალის ნახვა შეიძლება. ქარტიის საბჭო მიმართავს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ დროული და ეფექტური გამოძიება თუ როგორ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვება”, – ნათქვამია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
მედიის მიერ პირადი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურნენ.
„სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი. თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას. არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!“, – ასე გამოეხმაურა ხიდაშელი სააგენტო IPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მოგვიანებით განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა და საგამოძიებო ორგანოებს საქმის ოპერატიულად გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი! ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს. ვისი გადაღებული და გავრცელებულიც არ უნდა იყოს ეს ჩანაწერი, გეუბნებით, – პირობას გაძლევთ, უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ეს იქნება სამაგალითო პასუხი, რომ მსგავსი სიბინძურე თავში აღარავის მოუვიდეს! სამაგალითოდ დაისჯება ყველა, ვინც საკუთარი ამაზრზენი მოქმედებებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს.
მე დავალება მივეცი შესაბამის უწყებებს – პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესად გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის საგამოძიებო უწყებების გამოცდა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. ჩვენ მზად ვართ, გამოძიების პროცესში ჩავრთოთ ნებისმიერი ორგანიზაცია, ჯგუფი, ვისაც ამ საქმეში დახმარების გაწევა შეუძლია. სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ეს საშინელი ჩანაწერები ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს”, – განაცხადა პრემიერმა.
ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მოგვიანებით სააგენტო IPN – მა აღარა შეცდომა და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. სააგენტო დატოვა კახეთის კორესპონდენტმა რომა ქევხიშვილმა.
საჯარო ინტერესის მიუხედვად საინფორმაციო მედია პორტალი etanews.ge -ს ბოდიში არ მოუხდია.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნების ფაქტზე კომენტირებისაგან თავს იკავებენ კახეთის სამხარეო ადმინიტრაციაშიც. გაწვეტს თუ არა თანამშრომლობას გუბერნატორი შიოლაშვილი ამ სააგენტოსთან, ჯერ ცნობილი არ არის.
ცნობილია, რომ სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება. knews.ge შეეცადა, რომ დაეზუსტებინა უკანასკნელი ინფორმაცია. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში knews.ge-ს აღნიშნულ საკითხზე განუცხადეს, რომ უწყებას არცერთ საინფორმაციო სააგენტოსთან არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება.

