ახალი ამბები

უვიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სანქცია დაეკისრებათ

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, შეძლებს იმოგზაუროს შენგენის წევრ ქვეყნებში. თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა შესაძლებელია, მათ მოსთხოვონ დამატებითი საბუთები, როგორიცაა, მაგალითად, დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ასე შემდეგ თუმცა, როგორც წესი, ამის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ მესაზღვრეს აქვს ამის უფლება, დამატებით ეს საბუთები მოითხოვოს.
,,ვიზალიბერალიზაცია არ გავრცელდება და ვერ ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც სურთ აკადემიური სწავლების დაწყება ან დასაქმება. მათთვის აუცილებელი იქნება ჩვეულებრივ, ისევ სასწავლო ვიზით წასვლა, რომლის მიღებაც შეეძლებათ თბილისში იმ ქვეყნის საკონსულოდან, სადაც აპირებენ აკადემიურ სწავლებას. უვიზო რეჟიმი არ გავრცელდება არც სამუშაოს მაძიებელთათავის. ანუ ვისაც ევროპის ქვეყნებში დასაქმება სურთ, მათ უნდა მოახერხონ შესაბამისი განაცხადის შეტანა სამუშაო ვიზის მისაღებად. მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ მოკლევადიანი სასწავლო კურსებით, როგორიცაა ენის შემსწავლელი 2-3-კვირიანი კურსები ან კონფერენციები, ტრენინგები და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმით შეეძლებათ სარგებლობა და არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეები არ დაიცავენ უვიზო რეჟიმის წესებს, მათ წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გატარდება.
,,საქართველოს მოქალაქეებმა კეთილსინდისიერად უნდა დაიცვან ლიმიტირებული ყოფნის საშუალება შენგენის ქვეყნებში. 180 დღეში, ანუ 90 დღის განმავლობაში, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ექვს თვეში შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღე, მათ შეუძლიათ 180 დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევიდნენ, ანუ მულტივიზის ანალოგიური პირობებით ისარგებლონ. კიდევ ვიმეორებ, ერთი წუთითაც თუ გადააცილეს ამ ვადას, მათზე ვრცელდება 5- წლიანი სანქციები და ეს იქნება ძალიან მკაცრი სანქციები. ევროკავშირის ქვეყნები ემზადებიან ამ პროცესისთვის, როგორც კი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თავისუფალი რეჟიმის ვადას გადააცილებს, იმ წუთასვე მოხდება მათი დაკავება და უკან დააბრუნებენ”.