კახეთში თუთის 16 050 ნერგი უსასყიდლოდ გაიცემა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ნერგები დაურიგდება ყველა დაინტერესებულ ფერმერს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და ნერგების მწარმოებელს. კახეთში 16 050 ნერგი უსასყიდლოდ გაიცემა.
როგორც knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ბენეფიციარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები თუთის ბაღები გაშენებაში დაეხმარებიან და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებებს გააცნობენ.
“უზბეკეთიდან შემოტანილი ბუჩქოვანი თუთის ჰიბრიდული ნერგები ნაყოფს არ იძლევა და იგი გამოიყენება მხოლოდ თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვებად. თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის თანახმად თუთის ნერგები უსასყიდლოდ გაიცემა”, – განუცხადეს knews.ge-ს სოფლის მეურნების სამინისტროში.
მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.