,,ინტერპრესნიუსის” კახეთის კორესპონდენტმა სააგენტო დატოვა
ჟურნალისტმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოზე ინფორმაცია, სადაც პირის იდენტიფიკაცია იყო შესაძლებელი.
„ინტერპრესნიუსმა“ პირადი ცხოვრების ამსახველ ნიუსზე დაწერა პოლიტიკოსის სახელი გვარი, რამაც ჩემში გამოიწვია აგრესია და პროტესტის ნიშნად დავტოვე ეს უთავმოყვარეო სააგენტო, სადაც 4 წელი ვიმუშავე”, – წერს სოციალურ ქსელში ქევხიშვილი.
პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ.
,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ არც ერთი კადრი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაა. ამასთან არ შეუწყონ ხელი პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ დაასახელონ ვიდეოზე ასახული პიროვნების სავარაუდო ვინაობა, ასევე არ გაავრცელონ მისამართი, სადაც ამ მასალის ნახვა შეიძლება. ქარტიის საბჭო მიმართავს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ დროული და ეფექტური გამოძიება თუ როგორ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროვება”, – ნათქვამია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” და რადიო “ფორტუნასთან” პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო თანამშრომლობას წყვეტენ. ორივე სამინისტრომ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის” რედაქციამ საზოგადოების წინაშე ბოდიში უკვე მოიხადა.