სტატიები

რა პროექტებს აფინანსებს პრეზიდენტის ფონდი კახეთში

– ბატონო გიორგი, რა მისიით იმყოფებით კახეთის რეგიონში და რომელ კონკრეტულ პროექტებს უჭერს მხარს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი?

– დღეს თელავში  ვიმყოფები პრეზიდენტის დავალებით.  როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის ისეთი პროექტებია, რომელთა  გაგრძელებაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა.

მაგალითად, დღეს თელავის უნივერსიტეტში  ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც დაფინანსებულია სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში ასეთი პროექტი ხორციელდება, რადგან მას ორი  მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: პირველი ისაა, რომ პროექტი ზუსტად იმ საკითხს შეეხება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ხელშეწყობას ემსახურება და, მეორე მხრივ, სტუდენტებს საშუალებას აძლევს სამეცნიერო კვლევით პროცესში ჩაერთონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე, პირველი ასოციაცია ჩნდება ხოლმე კახეთთან მიმართებაში. ეს დიდი რეგიონი საჭიროებს მნიშვნელოვან აგრალურ რეფორმებს.  მით უმეტეს,  როდესაც რეგიონს აქვს დიდი რესურსი  თელავის უნივერსიტეტის სახით. სოფლის მეურნეობაში გვჭირდება გარკვეული ინოვაციური მიდგომა, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიდგომა, ვინ შეიძლება ეს ითავოს, თუ არა უნივერსიტეტმა?  ჩვენ გვჭირდება მეტი ადგილობრივი ინიციატივა და სწორედ ის უნდა  გაჩნდეს ადგილზე.

განსაკუთრებულ სიახლეს არ ვამბობ: თუ ჩვენ გვინდა განვითარება, ის უნდა ემყარებოდეს კვლევას.  ამ ლაბორატორიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი სერიოზული საკითხია  სოფლის მეურნეობა და მიწის სასუქით უზრუნველყოფა.

– კონკრეტულად რა პრაქტიკულ სარგებელს უნდა ელოდეს ფერმერი, ან მწარმოებელი  ამ კვლევის შემდეგ?

– როდესაც  კვლევის ავტორებს ვესაუბრე, ძალიან  საინტერესო რამ ამიხსნეს:   ნიადაგს მუდმივად სჭირდება გამდიდრება, ამიტომ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის წარმოებაში იმის ცოდნა, თუ რამდენად  ხარისხიანია ნიადაგი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც წინასწარ, თუ რა საფუძველი აქვს ფერმერს იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი მოიყვანოს. ნიადაგის შესწავლა აგრო ბიზნესისთვის აუცილებელია.

სოფლის მეურნეობის გაძლიერებისთვის, მიწის  ნაყოფიერების გაზრდისთვის,  ეს არის მართლაც ძალიან კარგი დასაწყისი და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და გაძლიერება ესაჭიროება უფრო მეტი სრულყოფისთვის ამ ლაბორატორიას.  ჩვენ  კი მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.   ინფორმაცია  კონკრეტულ ადამიანებს, გლეხებს, ფერმერებს გამოადგებთ.  რა თქმა უნდა,  ინფორმაცია არის უფასო. აქ მთავარი არის ის, რომ სტუდენტები მონაწილეობენ ამაში და კვალიფიკაციას იმაღლებენ, ისინი თავიდანვე ეჩვევიან კვლევას, ჩართულობას, ტექნოლოგიებს, –  ეს სწორი მოდგომაა.

– ფაქტობრივად ჩვენი ქვეყანა ვერ იყენებს არსებულ რესურსებს, თუ მეცნიერება წარმოების გვერდით არ დადგა, შედეგი  ვერ იქნება ეფექტური.   ქვეყანას  უკვე აქვს ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.

– გეთანხმებით, ამ კუთხით სოფლის მეურნეობაში კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება და ალბათ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.  როდესაც  რეგიონში არის ამხელა საუნივერსიტეტო ბაზა, არ შეიძლება ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. თელავში აგრარულ ფაკულტეტზე აგრარული მიმართულებით კვლევების არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და კარგია, რომ ეს დაიწყო.  ევროკავშირთან ვაჭრობა ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს და მას ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ეს არის ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც განხორციელდა სოფლების ბიბლიოთეკებში. კახეთი არის პირველი რეგიონი.  პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ რეგიონის 48 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაცია მოეხდინა. ეს არის ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე და ბიბლიოთეკების ტექნიკური მხარდაჭერა. ამას წინ უძღოდა მიმდინარე პროგრამა, რომელიც შეეხებოდა წიგნადი ფონდის განახლებას და  მოჰყვა უკვე ინტერნეტიზაციის ნაწილიც.  თანამედროვე  ბიბლიოთეკა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ამ კუთხით კარგად ვთანამშრომლობთ ბიბლიოთეკების ასოციაციასთან და ეროვნულ ბიბლიოთეკათან.

 ამ პროექტით  საერთაშორისო პარტნიორებიც დაინტერესდნენ და ჩაერთვნენ.  სულ მალე მთელი საქართველოს მასშტაბით მოვახდენთ ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაციას.  ქვემო ხოდაშენის სასოფლო ბიბლიოთეკაში ვნახეთ ძალიან მონდომებული ახალგაზრდები. სოფელში ბიბლითეკა უნდა გახდეს ახალგაზრდების  თავშეყრის,  ინფორმაციის გაცვლისა და განათლების  ერთ-ერთი მთავარი ადგილი.

– ცნობილია, რომ საპრეზიდენტო ფონდი პანკისის ხეობაშიც ახორციელებს პროექტებს. რას ემსახურება ის, რა არის ძირითადი მიმართულებები?

– რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტი იმყოფებოდა პანკისში იმ ახალგაზრდების მოწვევით , რომლებიც მანამდე პრეზიდენტის სასახლეში დროშის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.

 ჩვენთვის პრიორიტეტულია პროექტები, რომლებიც ემსახურება განათლებას,  ინტეგრაციას, კულტურულ  ღონისძიებებს და განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას. გვაქვს ძალიან საინტერესო კულტურული პროექტებიც.  მაგალითად, ფოტო გამოფენების ორგანიზება, ფოტო სკოლის წახალისება. ახალგაზრდები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ასევე ქალბატონებიც ძალიან აქტიურობენ.  მაგალითად, პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო. ძალიან საინტერესო იყო მათთან  მუშაობა და  წელსაც გამოყოფილია საკმაოდ სოლიდური თანხა.

გვინდა რომ პანკისელი ახალგაზრდები ხშირად დავპატიჟოთ თბილისში, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეში.  რამდენიმე დღის წინ გვყავდა ახალგაზრდა სტუმრები პანკისიდან, გვქონდა გამოფენაც, დაათვალიერეს სასახლეც, ვუმასპინძლეთ და გვინდა, რომ ასეთი ტიპის პროექტები კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ.  

მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების პროექტიც, თუმცა აქამდე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობდა.   ვიცით, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის დონე კახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებშიც პრობლემას წარმოადგენს.  პროგრამა ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს ენის შესწავლის შესაძლებლობას.  გვაქვს ადაპტირებული სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ.  შესაბამისად, მოსახლეობის ენთუზიაზმი და ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ პროგრამა აქაც წარმატებული იქნება.

კიდევ ერთი  პროექტის შესახებ მინდა გესაუბროთ –  ,,მე და კონსტიტუცია’’ და ეს არის კონსტიტუციის პოპულარიზაცია სკოლებში. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე 40 -ზე მეტი ვიდეო იყო შემოსული ახალგაზრდების მიერ გადაღებული,როგორ ხედავდნენ ისინი კონსტიტუციას. ეს არის რამდენიმე ეტაპიანი პროექტი, ვფიქრობ რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებული პროექტები კახეთში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი შედეგის მაჩვენებელი და ბუნებრივია, ამ კუთხით თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით. მთლიანობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი  მემორანდუმების საფუძველზე თანამშრომლობს რამდენიმე უნივერსიტეტთან,  მათ შორის თელავის უნივერსიტეტთანაც და ამ კუთხით კვლავაც გავავრძელებთ მუშაობას.

ვთანამშრომლობთ როგორც საჯარო სტრუქტურებთან, ასევე, მაგალითად, პანკისის შეთხვევში,  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.  სწორედ მათი მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ფონდის საქმიანობა ღიაა ყველასთვის და ყველას შეუძლია გაეცნოს პროექტებს, მათ პრიორიტეტებს. რას უჭერს მხარს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ  რეგიონში  და ფიქრობენ, რომ დატოვონ რეგიონი.  გაეროს მოსახლეობის ფონდის  კვლევების მიხედვით, სოფლად  დემოგრაფიული სურათი არის ძალიან მძიმე, შეინიშნება სოფლების დაცლა, რაც შემაშფოთებელი სურათია. თუ გავთვალისწინებთ იმასაც, რომ ბევრ სოფელში საბავშვო ბაღიც არ არის, უწყლობა, უმუშვრობა, ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხია. როგორ ხედავს ამ საკითხს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პროცესის შესაჩერებლად?

– საკითხი კომპლექსურია. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ მთავარია  სწავლაზე, ცოდნაზე, სიახლის მიღებაზე ორიენტირება, სიახლის ძიება და ამ პროცესის უწყვეტობა.   მთავარია აქტიურობა. ცოდნის მიღება და აქტიურობა აქ არის გადამწყვეტი, ის რაც თქვენ ახსენეთ, დემოგრაფიული მდგომარეობა, ბაღების პრობლემა და სხვა ეს ძალიან ფართო ჭრილში განსახილველი საკითხია. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: ჩვენ, ერთი მხრივ, ჯანმრთელი ურბანიზაციის არ უნდა გვეშინოდეს, მეორე მხრივ,  სოფლის განვითარებაზე კიდევ უფრო მეტი გვაქვს საფიქრალი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწორად უნდა დაეფუძნოს ცოდნას და მასზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული.

 გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი