ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება

საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება. კურსი განკუთვნილია, როგორც თელავის, ასევე, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების შესწავლას. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს, როგორც დახურულ მოედანზე, ისე ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის დასრულების შემდეგ, კანდიდატები ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში. კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

პროგრამა თელავის გარდა, ეტაპობრივად განხორციელდება რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში. პროექტის ბენეფიციარები ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები არიან, რომელთაც სურვილი აქვთ დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

კურსი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა. ამ ინიციატივით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და სატრანსპორტო სექტორში ქალთა როლის გაზრდას.