შიდა ფრენებზე გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენებზე გამოცხადებული ორივე ტენდერი ჩაიშალა.
სახელმწიფო შესყიდვა ეხებოდა როგორც ბათუმიდან თბილისის, ასევე მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას.
ცნობისათვის, შიდა მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გასულ თვეს გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარს შეადგენდა.
ერთ-ერთი ტენდერი უკავშირდებოდა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების გადაყვანის უზრუნველყოფას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მგზავრთა რაოდენობა არანაკლებ 40 უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, შესყიდვის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდით შესაძლებელი უნდა ყოფილიყო თითოეული მგზავრისთვის არანაკლებ 15კგ. თანმქონი ბარგის გადატანა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 8 178 197 ლარს შეადგენდა. წინადადებების მიღება 2 მაისს იწყებოდა და დღეს, 7 მაისს სრულდებოდა.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 018 896 ლარი იყო. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 2 მაისს დაიწყო და 7 მაისს დასრულდა.
ტენდერის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.
ამასთანავე, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის ატანა.