“საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გადააყენეთ თავდაცვის მინისტრი”
საგარეჯოს შუალედური საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე ინაშვილი პრემიერს თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს. მისი განმარტებით, თინათინ ხიდაშელის თანამდებობიდან გადაყენება გამორიცხავს სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას.
„მოგეხსენებათ, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება,- საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ვიდრე მიმდინარეობს გამოძიება, თავდაცვის მინისტრი გადააყენეთ დაკავებული თანამდებობიდან. ეს გამორიცხავს თავდაცვის მინისტრის მხრიდან სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეწოლა გარდაუვალი იქნება. თინა ხიდაშელს ვურჩევ: თავი დაანებოს ე.წ. ვექტორებზე ლაპარაკს. ეს ვექტორები არაფერ შუაშია. საგარეჯოში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ დანაშაულში ბრალს ვდებ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს. არავითარი პროდასავლურობა არაა არჩევნების გაყალბება და ამ სისულელის ტირაჟირებას დაანებოს თავი. ხომ გადაიყვანა კადრების განკარგულებაში ის სამხედრო პირები, რომელთა ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება. ვგულისხმობ, აფრიკაში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობის თემას. თვითონაც გადადგეს გამოძიების დასრულებამდე“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ირაკლი შოთაძის უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიმართვა გახდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროკურატურას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.
11 თებერვალს გოგი თოფაძემ განცხადა, რომ თინათინ ხიდაშელმა, 2015 წლის 31 ოქტომბერს, საგარეჯოს შუალედური არჩევნები გააყალბა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.