თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს არჩევნების საქმის ეფექტურად გამოძიებას ითხოვს
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ის, ასევე, აღნიშნავს, რომ პოლიტიკურიმ ოპონენტები, წინასაარჩევნოდ, სამარცხვინო მეთოდებს გამოიყენებენ.
„მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება ეფექტურდ იმუშაოს. თუ რამე კითხვები არსებობს, ამ ადამიანებს პასუხი გასცენ. არ მაქვს ილუზია, რომ მათ სიმართლე აინტერესებთ, მაგრამ ჩვენ, ქვეყანა, ვართ დაინტერესებული, რომ ეს ბინძური კამპანია იმ მასშტაბით და ფორმით, რაც ხელისუფლებას მოეთხოვება, დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო მეთოდებისა და კამპანიის მომსწრეები გავხდებით წინასაარჩევნო პერიოდში,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ირაკლი შოთაძის უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” მიმართვა გახდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროკურატურას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარის, გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.
11 თებერვალს გოგი თოფაძემ განცხადა, რომ თინათინ ხიდაშელმა, 2015 წლის 31 ოქტომბერს, საგარეჯოს შუალედური არჩევნები გააყალბა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არსებობდა.