ლაგოდეხში პოლიციელების ცემაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პროკურატურაში knews.ge-ს განუცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანო მურმან გორგიაშვილს, ომარ ბერძულს, შენგელი ტეფნაძესა და ზაზა გოგოლიძეს პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს ხელის შეშლას, მუქარასა და დაუმორჩილებლობას ედავება.
23 თებერვალს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულების ახლობლებმა, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციაც გამართეს. სამართალდამცველებმა ჩხუბის დროს შენგელი ტეფნაძე დააკავეს. პოლიციამ მურმან გორგიაშვილი,ზაზა გოგოლიძე და ომარ ბერძული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვა. ადგილობრივები პოლიციელებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აფენელები აცხადებენ, რომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა შენგელი ტეფნაძეს.
მკვეთრად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ძალოვან უწყებაში. შსს-ში knews.ge-ს განუცხადეს, რომ სამართალდამცვავ სტრუქტურაში ხე-ტის უკანონოდ ჭრის შესახებ შევიდა შეტყობინება. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით პოლიციელებმა გააჩერეს შენგელი ტეფნაძის ავტომანქანა. გიორგი მღებრიშვილის უწყების ცნობით, ამ დროს შენგელი ტეფნაძემ, მურმან გორგიაშვილმა და ომარ ბერძულმა პოლიციელებს წინააღმეგობა გაუწიეს და ფიზიური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 14 აპრილს გაიმართება.