ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაიხსნა (Photos)

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ლაბორატორია ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად გახსნა.
აბაშიშვილის განცხადებით, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის არსებობა მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. 
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილი ლაბორატორია თელავის რაიონის ნიადაგების ქიმიური შემადგენლობის კვლევას განახორციელებს და სხვადასხვა ტიპის ნიადაგისთვის განსაზღვრავს სასუქის სახეობას და საკვები ელემენტების ზღვრულ ნორმებს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავეებს. უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ლაბორატორიაში ნიადაგის კვლევის პრაქტიკული სამუშაოები თავად აწარმოონ“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი აბაშიშვილმა. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა knews.ge-ს განუცხადა, რომ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება ნიადაგის განოყიერების ერთიანი სრულყოფილი სქემა, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებსა და გლეხებს, თავიდან აიცილონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების არასაჭირო სასუქებით დაბინძურება.
“სოფლის მეურნეობის ლაბორატორია თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისათვის ნიადაგის ქიმიურ კვლევებს ათი თვის განმავლობაში ჩაატარებს. ასეთი კვლევები კახეთში რამდენიმე ათეული წელია, არ განხორციელებულა”, – აღნიშნა შიოშვილმა. 
უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორია, კვლევების ჩატარების შემდგომ, ფერმერებს უფასო კონსულტაციებსაც გაუწევს.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისათვის გამოყოფილი თანხა 35 000 ლარს შეადგენს.
პროექტს თესაუს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ – თანამშრომლები ახორციელებენ. 
ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ადმინისტრირების განყოფილების უფროსი გიორგი ჟურული.