ლაგოდეხში სამართლდამცავებს სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ
მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და დაპატიმრებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვა. ადგილობრივები პოლიციელებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აფენელები აცხადებენ, რომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა შენგელი ტეფნაძეს და ომარ ბერძულს, რომლებიც ძალოვანებმა 23 თებერვალს დააკავეს.
„მე რომ მივედი, პიკაპი დაქოქეს და გაიქცნენ. ესენი დაბლა ეყარნენ. მივაქციე ყურადღება. შენგელი ტეფნაძეს თავ-პირი ჰქონდა დასისხლიანებული. პოლიციელები მოვიდნენ და ჯიპებით წაიყვანეს“, – განუცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ადამ ნოზაძემ.
„თოფის სროლა რომ გავიგეთ, გავიქეცით. მივედით და დავინახეთ, რომ ურტყავდნენ ერთ კაცს. გაგდებული ჰყავდათ. მე ვცდილობდი გაშველებას, რომლის დროსაც რომელიღაც პოლიციელმა თავში ჩამარტყა“, – განაცხადა ინციდენტის თვითმხილველმა მურმან გორგიაშვილმა, რომელიც სამართალდამცავებმა მაშინ დააპატიმრეს, როდესაც პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
მკვეთრად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ ძალოვან უწყებაში. შსს-ში knews.ge-ს განუცხადეს, რომ სამართალდამცვავ სტრუქტურაში ხე-ტის უკანონოდ ჭრის შესახებ შევიდა შეტყობინება. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით პოლიციელებმა გააჩერეს შენგელი ტეფნაძის ავტომანქანა. გიორგი მღებრიშვილის უწყების ცნობით, ამ დროს შენგელი ტეფნაძემ, მურმან გორგიაშვილმა და ომარ ბერძულმა პოლიციელებს წინააღმეგობა გაუწიეს და ფიზიური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს სამივე ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“, – განუცხადეს knews.ge-ს შსს-ში.
პოლიციელებს, რომელთაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ამ ეტაპზე უცნობია, რა დასკვნა გამოიტანა ექსპერტიზამ.
დაკავებულების ახლობლების მოთხოვნა უცვლელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და კახეთი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
სოფელ აფენში მომხდარ ფატქს სახალხო დამცველი აპარატიც სწავლობს.