რა უნდა იცოდე თუ საპროტესტო აქციაზე მიდიხარ
რა უნდა იცოდე თუ საპროტესტო აქციაზე მიდიხარ.
აქციაზე წასვლამდე უნდა იცოდეთ:
წინასწარ გაარკვიეთ და დაგეგმეთ ის მარშრუტები, რომლითაც აქციაზე მისვლას, შემდეგ კი უკან წამოსვლას შეძლებთ. წინასწარ მოიფიქრეთ რომელი ტიპის ტრანსპორტის გამოყენება მოგიწევთ.
ზეპირად დაიმახსოვრეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ნომერი, რომელიც მაშინაც გიპასუხებთ, თუ თქვენ სხვა ნომრიდან დაურეკავთ. სასურველია, რომ აქციაზე მარტო არ წახვიდეთ. მარტო წასვლის შემთხვევაში წინასწარ გააფრთხილეთ ახლობელი ადამიანები თქვენი შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ. ასევე წინასწარ დამუხტეთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც თან გექნებათ.
სამწუხაროდ, თბილისში მრავალი ადგილი შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის. თუ თქვენ შშმ პირი ხართ, წინასწარ გადაამოწმეთ, რამდენად ხელმისაწვდომია საპროტესტო სივრცე და შეძლებთ თუ არა აქციაში მონაწილეობის სრულფასოვნად მიღებას.
აქციისთვის შეგიძლიათ წინასწარ გაამზადოთ ტრანსპარანტები და მათი საშუალებით თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პოსტერების დასამზადებლად თან ფურცლები და მარკერებიც წაიღოთ.
რა უნდა გვეცვას:
აქციაზე წასვლამდე ამინდის პროგნოზი გადაამოწმოთ. აუცილებელია, რომ აქციაზე თავს კომფორტულად გრძნობდეთ. დემონსტრაციაზე წასვლისას ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მზისგან დასაცავად წაიღეთ კეპი ან რაიმე სახის ქუდი. წვიმის შემთხვევაში კარგი იქნება, თუ თან გამჭვირვალე (მხედველობისთვის) ქოლგაც გექნებათ. ასევე სასურველია მსუბუქი საწვიმარი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, წყალგამძლე ფეხსაცმელი.
რა უნდა ვიქონიოთ თან:
მხოლოდ აუცილებელი ნივთები უნდა წაიღოთ, ამისთვის შეგიძლიათ პატარა მსუბუქი ჩანთა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ხელში რაც უფრო ნაკლები ნივთის დაჭერა მოგიწევთ, მით უკეთესი იქნება.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
პირბადე / რესპირატორი (ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტური საშუალება რესპირატორია, რომლის შეძენაც სამშენებლო მაღაზიებშია შესაძლებელი)
სასმელი წყალი
მსუბუქი სასუსნავი
ტელეფონი
პორტატული დამტენი
ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცები
პირველადი დახმარების საშუალებები (სპირტი, ბინტი, ბამბა, ანტისეპტიკური საშუალებები)
რა არის აკრძალული:
შეკრებისა და მანისფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
დემონსტრაციის მონაწილეებს უფლება აქვთ, შეუფერხებლად გადაიღონ ფოტო და ვიდეო მასალა.
გახსოვდეთ, საპროტესტო აქციაზე განვითარებული სერიოზული ექსცესების შემთხვევაში, ადამიანების იქ ყოფნა უსაფრთხო აღარ არის და უმჯობესია ტერიტორია მაქსიმალურად უსაფრთხო გზებით დატოვოთ.
წყარო: ონ.ჯი