“მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება” – ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ მოქალაქეთა უფლება მშვიდობიანი შეკრებისთვის.
“საქართველოში “უცხოური გავლენის” კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიან დემონსტრაციებზე აქციის მონაწილეებზე ძალადობას კატეგორიულად ვგმობ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამ უფლების დასათრგუნად ძალის გამოყენება დაუშვებელია”, – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.
წუხელ ღამით, რუსული კანონის II მოსმენის პარალელურად, მომიტინგეებმა რუსთაველი კიდევ ერთხელ გადაკეტეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა არაერთხელ გამოიყენა მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას პოლიცია მთელი ღამე ცდილობდა, დაკავებულია 63 ადამიანი.