თელავში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გააპროტესტეს
“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა მთავრობამდე ხალხის პროტესტი მიიტანოს და გაზაფხულიდან დენზე ტარიფის მომატება თვიდან აიცილონ.
,,გარდა იმისა, რომ კახეთში ძვირდება ელექტროენერგია, თელავში ბუნებრივი აირის გადასახადიც 11 თეთრით ძვირდება. ვითხოვთ, რომ მთავრობამ შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, რომ დენის ტარიფის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების შეწყვეტა გახდა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სუბსიდია, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა, კახეთისთვის აღარ გამოიყოფა და მისი გადახდა კვლავ ადგილობრივებს მოუწევთ. კახა კალაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება კახეთის მოსახლეობის სხვა რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებაა. პირველი მარტიდან კახეთში ელექტროენერგია 4 თეთრით გაძვირდება.